„მედია-კავშირ ობიექტივს“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) ეთერში არასახელმწიფო ენაზე – რუსულად გასული გადაცემების გამო გააფრთხილა და დაავალდებულა, გადაცემები ბადიდან ამოიღოს. ინფორმაციას მარეგულირებელი თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
GNCC-ის განცხადებით, „ობიექტივზე“ გადაცემები, „ყველას გასაგონად“ და „Неделя“ (კვირა), რუსულ ენაზე გავიდა კომისიის მიერ დადგენილი ხანგრძლივობის გადაჭარბებით და სახელმწიფო ენაზე სუბტიტრების გარეშე, რითიც დაარღვია კომუნიკაციების კომისიის დადგენილება და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
“მედიის განვითარების ფონდის” ინფორმაციით, მარეგულირებელს სწორედ მათ მიმართეს შესაბამისი მოთხოვნით.
