თბილისსა და კიდევ ოთხ ქალაქში გაზის შეყვანის საფასური 400-ის ნაცვლად 800 ლარი გახდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] გადაწყვეტილებით, 2020 წლის პირველი იანვრიდან ახალი მომხმარებლისთვის ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური თვითმმართველ ქალაქებში გაორმაგდა.

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში ახალი მომხმარებელი გაზის [სიმძლავრე 0-6 კვტ] შეყვანაში 400 ლარის ნაცვლად 800 ლარს გადაიხდის. რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს, ეს ტარიფი სემეკმა უცვლელი დატოვა და 400 ლარი იქნება.

ქსელზე მიერთების ვადა კი 40 დღეა. თუმცა, სემეკის ახალი დადგენილებით, „თუ ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე მრავალბინიანი სახლის მიერთებას, ერთობლივი განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა განისაზღვრება მიერთების მსურველ(ებ)ის მიერ ერთობლივი განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველ(ებ)ის მიერ ერთობლივი განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრე აღემატება 100 კუბ.მ/სთ-ს, მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა შეადგენს 60 სამუშაო დღეს“.

800 ლარში შედის ქსელზე დაერთება და ერთი წერტილი. რაც შეეხება ყოველი მომდევნო წერტილის დამატებას, აქ საფასურის ოდენობას სემეკი არ არეგულირებს.

ძალაში რჩება ქსელზე მიერთების საფასურის განწილვადება [ე.წ. განვადება], თუმცა ასეთ შემთხვევაში, „მიერთების საფასური განისაზღვრება არსებულ მიერთების საფასურზე თვითმმართველ ქალაქებში 50 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში- 25 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით“.

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ შესაბამის დადგენილებაში სემეკმა აღნიშნული ცვლილება 2019 წლის 26 დეკემბერს შეიტანა, რომელიც ძალაში 30 დეკემბერს შევიდა.

„ცვლილება ბუნებრივი აირის სექტორს შეეხო, ვინაიდან არსებული საფასურის ოდენობა, შესრულებული სამუშაოების თვითღირებულებიდან გამომდინარე, არარეალური იყო. ამიტომ რეალური საფასურის დადგენა ხელახლა იყო საჭირო. მიზეზი თვითონ სამუშაოების სირთულეებია, მაგალითად, თვითმმართველ ქალაქებში, ძალიან ბევრ ადგილზე, საჭიროა ასფალტის გადათხრა, სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება [იგივე, ტექნიკის დაქირავება, შეთანხმებები და ა.შ.], რაც სხვა ქალაქებში და მუნიციპალიტეტებში არ დგას დღის წესრიგში“, – გვითხრეს სემეკის პრესსამსახურში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com