ახალი ამბები

„ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი მამალაძის საქმეზე“ – ზურაბიშვილი

6 იანვარი, 2020 • 1345
„ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი მამალაძის საქმეზე“ – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ გადაწყვიტა, დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალოს იმ მიზეზით,  რომ „ვერ მონახა არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე“.

„ვერ მოვნახე არგუმენტი, მით უმეტეს, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე?“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

„ეს გადაწყვეტილება ეფუძნება საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფას, რამეთუ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთი დანაშაულისთვის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიზიარებს. დღეს ჩვენი დაყოფა-დაპირისპირება საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სახელმწიფოს მომავალს”.

ზურაბიშვილის შემდეგი არგუმენტი „ქართული სახელმწიფოს ისტორიულ სპეციფიკაა”.

„ქართული სახელმწიფო განუყოფელია ეკლესიისგან. ეკლესიისგან, რომელიც მუდამ იყო მისი დამოუკიდებლობის გზის გამჭრელი. ეკლესიაზე შეტევა, მისი დისკრედიტაცია, ავტორიტეტის შელახვა უდრიდა და უდრის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესუსტებას.

ჩემი პირადი, როგორც პრეზიდენტის, დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ, პიროვნებისადმი, რომელმაც სრულიად განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის, ეკლესიის აღორძინებაში და სულიერების აღდგენის უდიდეს საქმეში. ჩემთვის ცხადზე ცხადია, რომ როცა საქართველოს სახელმწიფო მრავალი გამწვევის წინაშე დგას, პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას. ეს ჩემი მყარი გადაწყვეტილებაა, სხვა გადაწყვეტილება რომ მიმეღო, მე არ მექნებოდა პასუხი იმაზე, თუ რა მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები და შემდეგი თაობა. ალბათ იკითხავთ, რატომ არ გავითვალისწინე წმინდა სინოდის თხოვნა? ამაზე პასუხი ის გახლავთ, რომ შეწყალება ეკლესიის წიაღში, რომელიც არსებითად ქრისტიანულია, და შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან ერთმანეთისგან განსხვავდება. სხვა შემთხვევაში, კონსტიტუცია სწორედ ეკლესიას დაუტოვებდა ამ უფლებას“. – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების რეკომენდაციით პრეზიდენტ ზურაბიშვილს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მიმართა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი