ახალი ამბები

სავარაუდოდ მწვავე ვირუსული ინფექციით თბილისში 8 წლის ბავშვი დაიღუპა

5 იანვარი, 2020 • 1896
სავარაუდოდ მწვავე ვირუსული ინფექციით თბილისში 8 წლის ბავშვი დაიღუპა

ექიმის, თავარ გავრიჩიძის ინფორმაციით, რომელმაც 8 წლის მოზარდი კლინიკაში მიიღო, არ არის გამორიცხული, რომ გარდაცვალების მიზეზი ე.წ ღორის გრიპი გამხდარიყო. მისი თქმით ამას ლაბორატორიულად დადასტურება სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ექიმის განმარტებით ბავშვის მდგომარეობა კლინიკაში შესვლიდან 6 საათში დამძიმდა, ავადობა კი საავადმყოფოში მიყვანამდე ერთი დღით ადრე დაეწყო:

„27-ში შემოვიდა პაციენტი, დაავადებიდან მეორე დღეს. დაავადების დიაგნოზი იყო პნევმონია. ცხელებით მიმდინარეობდა დაავადება და პნევმონია განვითარდა. მოხდა ჰოსპიტალიზაცია, ფაქტობრივად ექვს საათში დამძიმდა პაციენტი და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსდა. მართვით სუნთქვაზე იქნა გადაყვანილი. ფაქტობრივად, ერთი კვირა იბრძოდა ექიმთა გუნდი. დიაგნოსტირება ჯერჯერობით საბოლოო არ ხდება, რადგან ვირუსოლოგიური და ბაქტერიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს, აღებულია მასალები და საბოლოო დიაგნოზი ალბათ 2-3 დღეში გვეცოდინება. რაც შეეხება დაავადების განვითარებას, ძალიან სწრაფად, ელვისებურად მიმდინარეობდა სეფსისური პროცესი, პოლიორგანული უკმარისობა, განვითარდა რესპირაციული დისტრესი და ბავშვი გუშინ დაიღუპა“, – ამბობს თამარ გავრიჩიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით 8 წლის ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად საჭიროა ლაბორატორიული კვლევა, მანამდე კი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოზარდი ნამდვილად მწვავე ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ ადასტურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი