საკრუიზო გემზე, რომელიც არგენტინიდან ესპანეთში მიემართება, ახალი ვირუსის (ჰანტავირუსის) ეპიდაფეთქების გამო სამი ადამიანი დაიღუპა.
როგორც Reuters წერს, ახლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ცდილობს იმ ადამიანების მოძიებას, რომლებმაც საკრუიზო გემი მანამდე დატოვეს, სანამ კაბო-ვერდეს სანაპიროსთან კარანტინში მოექცეოდა. აღნიშნული ღონისძიებები დაავადების შემდგომი გავრცელების აღკვეთას ემსახურება.
გემ MV Hondius-ზე ვირუსის შედეგად სამი ადამიანი, ნიდერლანდელი წყვილი და გერმანიის მოქალაქე, გარდაიცვალა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, რვა ადამიანს, მათ შორის შვეიცარიის მოქალაქეს, ვირუსით დაინფიცირება უდასტურდება. ნიდერლანდების მთავრობამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ დაახლოებით 40-მა მგზავრმა დატოვა გემი წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც ხომალდი კაბო-ვერდესკენ მიმავალ გზაზე გაჩერდა მანამ, სანამ ეპიდაფეთქების შესახებ გახდებოდა ცნობილი.
Reuters-ის თანახმად, ამ მგზავრების უმეტესობის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.
ერთ-ერთი მათგანი, ვინც გემი დატოვა, იყო იმ ნიდერლანდელი კაცის მეუღლე, რომელიც 11 აპრილს გემზე გარდაიცვალა. ქალი თავადაც გახდა შეუძლოდ და ნიდერლანდებში ჩასვლამდე გარდაიცვალა.
ნიდერლანდურმა ავიაკომპანია KLM-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ 25 აპრილს იოჰანესბურგში ეს ქალი ფრენიდან მოხსნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო.
Reuters-ის ცნობით, დადასტურებულია, რომ მსხვერპლთა ორგანიზმში აღმოჩენილი ვირუსი არის შტამი, სახელწოდებით – Andean strain, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ადამიანებს შორის ძალიან ახლო კონტაქტის შედეგად. ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ვირუსის გადადება ძალიან იშვიათია, თუმცა ეპიდაფეთქებამ ჯანდაცვის უწყებები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ოთხშაბათს განაცხადა, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას გემზე მყოფ ამერიკელ მოგზაურებთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ამ მომენტისთვის ამერიკელი საზოგადოებისთვის რისკი უკიდურესად დაბალია.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ხუთშაბათს აღნიშნა, რომ საფრანგეთის ერთ მოქალაქეს ჰქონდა კონტაქტი დაავადებულ პირთან, თუმცა მას ამჟამად სიმპტომები არ აღენიშნება.
არგენტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი განახორციელებენ ანალიზს იმ ქალაქში, საიდანაც საკრუიზო გემმა გეზი აიღო.
გემი MV Hondius, რომლის ბორტზეც 150-მდე ადამიანი იმყოფება, სავარაუდოდ, შაბათს შევა ესპანეთის პორტ ტენერიფეში, კანარის კუნძულებზე.
ტენერიფეში ჩასვლის შემდეგ, თუ ისინი კვლავ ჯანმრთელები იქნებიან, იმ მგზავრებს, რომლებიც ესპანეთის მოქალაქეები არ არიან, თავიანთ ქვეყნებში დააბრუნებენ, ხოლო ესპანეთის 14 მოქალაქე მადრიდის სამხედრო ჰოსპიტალში კარანტინს გაივლის.
ამასთან, Reuters წერს, რომ ოთხშაბათს გემიდან სამი პაციენტის ევაკუაცია განხორციელდა. ერთ-ერთი მათგანი ნიდერლანდების საავადმყოფოშია მოთავსებული, მეორე კი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. თვითმფრინავი, რომელსაც მესამე პაციენტი გადაჰყავდა, ნიდერლანდებში ხუთშაბათს დილით უნდა დაფრენილიყო. რეისი პაციენტის სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემის გამო შეფერხდა.
რა ვირუსზეა საუბარი? – გთავაზობთ CNN-ის სტატიას ამ თემაზე
2018 წელს სამხრეთ არგენტინის ჯანდაცვის უწყებები სასწრაფოდ ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რამ გამოიწვია პატარა სოფელ ეპუიენში თითქმის სამი ათეული ადამიანის მძიმედ ავად გახდომა. ეპიდემიის დასრულებამდე მათგან 11 გარდაიცვალა.
მათი დაავადება, რის გამოც ბევრი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა პნევმონიითა და სუნთქვის მწვავე პრობლემებით, გამოწვეული იყო ანდების ვირუსით – მღრღნელების მიერ გადამტანი ჰანტავირუსის შტამით, რომელსაც ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა შეუძლია. ითვლება, რომ სწორედ ამ ვირუსმა დააავადა რვა მგზავრი საკრუიზო გემ MV Hondius-ზე, რომელიც კანარის კუნძულების პორტისკენ მიცურავს.
ეპუიენის ეპიდემიამდე ანდების შტამის შესახებ ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი, – განაცხადა დოქტორმა გუსტავო პალასიოსმა, ნიუ-იორკის მაუნთ სინაის იკანის მედიცინის სკოლის მიკრობიოლოგმა.
„ამ ვირუსთან გამკლავების ძალიან შეზღუდული გამოცდილება არსებობს“, – თქვა პალასიოსმა, რომელიც აშშ-ის არმიის ინფექციური დაავადებების სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის გენომური მეცნიერებების ცენტრის დირექტორი იყო, როდესაც ის დაეხმარა იმის გარკვევაში, თუ როგორ ვრცელდებოდა ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე. ეპიდემიის კვლევა 2020 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში New England Journal of Medicine.
„სავარაუდოდ, ჩვენ გვაქვს 300-ზე ნაკლები შემთხვევა ისტორიაში (მიახლოებითი რიცხვი რომ ვთქვათ)“ ანდების ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემისა და მთლიანობაში ანდების ვირუსის დაახლოებით 3000 შემთხვევა”, – თქვა პალასიოსმა. იგი ასევე არის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, რომლებიც კონსულტაციას უწევენ საკრუიზო გემზე მიმდინარე ეპიდემიასთან დაკავშირებით.
ეპუიენის ეპიდემიის გამოძიებაზე დაყრდნობით, რომელიც მოიცავდა სამ ცალკეულ ე.წ. „სუპერგამავრცელებელ“ მოვლენას – სადაც ერთმა ადამიანმა ინფექცია რამდენიმე სხვას გადასდო – პალასიოსმა თქვა, რომ ანდების ვირუსის გადაცემის ფანჯარა, როგორც ჩანს, მოკლეა და დაახლოებით ერთ დღეს შეადგენს. ადამიანები ინფექციურობის პიკს აღწევენ იმ დღეს, როდესაც მათ სიცხე უწევთ.
თუმცა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ამ ფანჯრის განმავლობაში ვირუსი შედარებით მარტივად შეიძლება გადაედოს სხვასთან მხოლოდ ხანმოკლე სიახლოვის შემდეგაც კი.
მკვლევრებმა შეძლეს იმის ჩვენება, რომ პირველმა პაციენტმა, 68 წლის მამაკაცმა, რომელიც დაახლოებით 100 სხვა ადამიანთან ერთად დაბადების დღის წვეულებას დაესწრო, დააინფიცირა სხვა პირი მასთან საპირფარეშოსკენ მიმავალ გზაზე მხოლოდ რამდენიმეწამიანი კონტაქტის შემდეგ.
მკვლელის გზის ძიებაში
ეპუიენის ეპიდემიის ინდექსური შემთხვევა (ანუ პირველი დოკუმენტირებული შემთხვევა) ითვლება, რომ საკუთარ სახლთან ახლოს დაინფიცირდა. არგენტინაში ანდების ვირუსის გადამტანები გრძელკუდიანი ჯუჯა ბრინჯის ვირთხები არიან, რომლებიც გავრცელებულია სასოფლო-სამეურნეო ადგილებში და შეუძლიათ სახლების მახლობლად ბინადრობა.
მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთით, ცნობილია, რომ მღრღნელები ჰანტავირუსების მატარებელნი არიან. ადამიანები ჩვეულებრივ ინფიცირდებიან განავლის ან ნერწყვის კონტაქტით, ზოგჯერ კი მაშინ, როდესაც ვირუსი აეროზოლური ხდება დასუფთავების დროს.
სულ ახლახან ჰანტავირუსი აშშ-ის ახალ ამბებში 2025 წელს მოხვდა, მას შემდეგ, რაც გაკვეთამ დაადგინა, რომ მსახიობ ჯინ ჰეკმენის მეუღლე, ბეტსი არაკავა, ამ ვირუსით გარდაიცვალა.
უმეტეს შემთხვევაში, ჰანტავირუსები იწვევს ე.წ. ჩიხურ ინფექციას: ადამიანი ინფიცირდება ცხოველის ექსკრემენტებთან კონტაქტის შემდეგ, მაგრამ მას სხვას არ გადასცემს.
თუმცა ანდების ვირუსი გამონაკლისია. ის შეიძლება გავრცელდეს ადამიანებს შორის, რაც მას აძლევს ეპიდემიების გამოწვევის პოტენციალს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საკრუიზო გემ Hondius-ზე მიმდინარე ეპიდემიის საფრთხე დაბალია, ჯანმო-მ ჰანტავირუსები დააკლასიფირცა როგორც განვითარებადი პრიორიტეტული პათოგენები, რომლებსაც აქვთ მაღალი პოტენციალი, გამოიწვიონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობები, იმის გამო, თუ რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს ეს ინფექციები. ჰანტავირუსით ინფექცია შემთხვევათა 40%-მდე ლეტალური შეიძლება აღმოჩნდეს.
ფრთხილი საგამოძიებო მუშაობის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეპუიენის პირველი პაციენტი დაბადების დღის წვეულებას დაესწრო 2018 წლის 3 ნოემბერს, ზუსტად იმ დღეს, როდესაც მას სიცხემ აუწია.
წვეულებაზე ყოფნის 90 წუთის განმავლობაში მან დააინფიცირა კიდევ ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი პირი, რომლებიც მასთან ერთად მაგიდასთან დაახლოებით ერთი ფუტის (30 სმ) დაშორებით ისხდნენ და ორი პირი, რომლებიც დაახლოებით 4 ფუტის (1.2 მეტრი) დაშორებით ისხდნენ მეზობელ მაგიდებთან. მეხუთე პიროვნებას, რომელსაც ვირუსი გადაედო, პაციენტთან მხოლოდ წამიერი კონტაქტი ჰქონდა საპირფარეშოსკენ მიმავალ გზაზე.
ანდების ვირუსთან დაკავშირებული კიდევ ერთი სირთულე მისი ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდია – ანუ დრო პირის ვირუსთან კონტაქტსა და სიმპტომების პირველ გამოვლენას შორის. ეს ხანგრძლივი ინტერვალი განსაკუთრებით ართულებს იმ ადამიანების მოძიებას, რომლებსაც შესაძლოა ვირუსთან შეხება ჰქონოდათ.
მიუხედავად იმისა, რომ ხუთივეს კონტაქტი ვირუსთან 3 ნოემბრის წვეულებაზე მოხდა, მათ სიმპტომები მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში არ გამოვლენიათ.
ეპიდემიის მეორე პაციენტმა, 61 წლის მამაკაცმა, რომელსაც ახასიათებდნენ როგორც აქტიური სოციალური ცხოვრების მქონე ადამიანს, დააინფიცირა ექვსი სხვა ადამიანი სიკვდილამდე, სიმპტომების პირველი გამოვლენიდან 16 დღის შემდეგ.
მისმა მეუღლემ, რომელიც მის პანაშვიდს სიცხიანი ესწრებოდა, დააინფიცირა კიდევ 10 ადამიანი. ყველა მათგანი დაავადდა ამ ღონისძიებაზე დასწრებიდან 17-დან 40 დღემდე შუალედში.
დამატებით 12 ადამიანი დაინფიცირდა ადრე ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტის შემდეგ.
გავრცელების შეზღუდული ფანჯარა
ეპუიენის ეპიდემიის დროს 80-ზე მეტ ჯანდაცვის მუშაკს ჰქონდა კონტაქტი სიმპტომების მქონე პაციენტებთან, თუმცა უშუალოდ არცერთი მათგანი არ დაინფიცირებულა, მიუხედავად იმისა, რომ პერსონალური დამცავი აღჭურვილობა ძალიან ცოტამ გამოიყენა. დაინფიცირდა მხოლოდ ორი სამედიცინო მუშაკი ადგილობრივ სოფლის საავადმყოფოში (უფრო მცირე დაწესებულებაში), რომლებმაც, შესაძლოა, პირველებმა მიიღეს ავადმყოფი პაციენტები.
ექსპერტების თქმით, ეპუიენის ეპიდემიისას ჯანდაცვის მუშაკებს შორის შეზღუდული გავრცელება მიუთითებს იმ მოკლე დროის ფანჯარაზე, როდესაც ადამიანი შეიძლება გადამდები იყოს.
„ეს არ არის კოვიდი. ნამდვილად არ არის კოვიდი. გრიპიც კი არ არის. ეს არის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უჩვეულო მოვლენა და ეს შეიძლება მომხდარიყო, სავარაუდოდ, გემზე არსებული დახურული გარემოს გამო“, – განაცხადა დოქტორმა ლუსილ ბლუმბერგმა, ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა და სამხრეთ აფრიკის გადამდები დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ყოფილმა დირექტორის მოადგილემ საკრუიზო გემის ეპიდემიაზე საუბრისას.
ბლუმბერგმა პარასკევს გაიარა კონსულტაცია გემ Hondius-თან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევებისა და კიდევ ერთი მძიმედ დაავადებული მგზავრის შესახებ, რომელიც გემის სხვა ნაწილში იმყოფებოდა. ამ მგზავრის სამედიცინო ევაკუაცია მოხდა ამაღლების კუნძულზე (ბრიტანეთის ტერიტორია ატლანტის ოკეანეში, აფრიკის დასავლეთ სანაპიროდან დაახლოებით 1000 მილის დაშორებით), საიდანაც შემდეგ სამხრეთ აფრიკაში გადააფრინეს. იგი რეანიმაციაშია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, მაგრამ მისი მდგომარეობა უმჯობესდება”, – აღნიშნა ბლუმბერგმა.
მისი თქმით, ისინი ყურადღებით დააკვირდებიან Hondius-ის მგზავრებს. თითოეულ მათგანს მინიმუმ 45 დღის განმავლობაში დასჭირდება დაკვირვება.
ოთხშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ შვეიცარიაში მამაკაცს ვირუსზე დადებითი ტესტი დაუფიქსირდა მას შემდეგ, რაც გემიდან ჩამოვიდა და სახლში გაფრინდა.
მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება იმ ადამიანებისა, რომლებიც ავადმყოფ მგზავრებთან ერთად იმყოფებოდნენ ფრენებზე. საკრუიზო ოპერატორმა, Oceanwide Expeditions-მა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ მუშაობს იმ დეტალებზე, თუ ვინ ავიდა და ვინ ჩამოვიდა გემიდან მარტის შემდეგ.
„ჩვენ ველით, რომ უახლოეს დღეებში გავაზიარებთ დეტალებს ამის შესახებ“, – თქვა პიტ ჰეინ კობერგმა, ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანიის სპიკერმა.
ჯანმო-ს ცნობით, ამ დროისთვის გემთან დაკავშირებულია რვა დაავადების შემთხვევა – ჰანტავირუსის სამი დადასტურებული და ხუთი საეჭვო შემთხვევა.
„ადამიანები პორტებში ჩამოდიან და ადიან“, – თქვა ბლუმბერგმა. „ისინი მთელი მოგზაურობის განმავლობაში არ რჩებიან.
„ვფიქრობ, ჩვენ სხვა შემთხვევებსაც ვიხილავთ“, – აღნიშნა მან.
მცურავი ეპიდემია
“მგზავრებიდან ბევრი სერიოზული ორნითოლოგი (ფრინველებზე დამკვირვებელი) იყო, რომლებიც სანამ კრუიზს შეურთდებოდნენ, სამხრეთ ამერიკაში ექსპედიციებში იმყოფებოდნენ”, – თქვა ბლუმბერგმა.
ამ მიზეზის გამო, ფრინველის გრიპი იყო დაავადების გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით მისი ერთ-ერთი პირველი ვარაუდი. მას ასევე ეჭვი ჰქონდა, რომ ადამიანებს შესაძლოა ჰქონოდათ ლეგიონელას ინფექციები, რამაც შეიძლება პნევმონია გამოიწვიოს.
მას შემდეგ, რაც ტესტირების ორმა რაუნდმა ამ და სხვა საეჭვო პათოგენებზე უარყოფითი შედეგი აჩვენა, ბლუმბერგის თქმით, დარეკა გადამდები დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის განვითარებადი ზოონოზური და პარაზიტული დაავადებების ცენტრის ლაბორატორიაში და სთხოვა მათ ჰანტავირუსზე ტესტირების ჩატარება.
როდესაც პასუხი დადებითი აღმოჩნდა, მან დარეკა საავადმყოფოში, რომელიც მკურნალობდა პირველი გარდაცვლილი მგზავრის ავადმყოფ მეუღლეს და ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა შენახული მისი სისხლის სინჯები. მათ შენახული აღმოაჩნდათ, რომლის მიხედვითაც ამ პაციენტსაც სიკვდილის შემდეგ დაუდასტურდა ჰანტავირუსი. ორშაბათისთვის გენების სეკვენირებამ დაადგინა, რომ ეს იყო ანდების შტამი.
ბლუმბერგმა განაცხადა, რომ მისთვის და მისი კოლეგებისთვის ეს იყო სადღეღამისო სამუშაო. ოთხშაბათს, დილის 4 საათზე უკვე ფეხზე იყო. მისი თქმით, აქტიურად მუშაობენ სამხრეთ აფრიკაში სამედიცინო დახმარებისთვის ევაკუირებული პაციენტების კონტაქტების მოძიებაზე. ისინი ასევე მუშაობენ ვირუსის მთლიანი გენომის სეკვენირებაზე, რაც დაეხმარება მათ ზუსტად დაადგინონ, საიდან გაჩნდა ის და განიცადა თუ არა ახალი მუტაციები.
მათ ჰქონდათ გლობალური თანამშრომლობა სამეცნიერო საზოგადოებასთან ჯანმო-ს ხელმძღვანელობით, და ეპიდემიაზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფმა უკვე ჩაატარა სამი ზარი.
„ჩვენ ნამდვილად თითქმის არ გვაქვს ანდების ჰანტავირუსთან მუშაობის გამოცდილება“, – აღნიშნა ბლუმბერგმა.
ინფექციური დაავადებების სხვა ექსპერტები, როგორებიცაა დოქტორი უილიამ შაფნერი ვანდერბილტის უნივერსიტეტიდან, ამბობენ, რომ გემზე არსებული სიტუაცია მათ არ აშფოთებთ, მაგრამ ძალიან აინტერესებთ.
„გაოცებული ვარ“, – თქვა შაფნერმა. „ეს არის უაღრესად უჩვეულო გარემოება, როდესაც გემზე ჰანტავირუსული ინფექცია ვრცელდება და აღფრთოვანებული ვარ იმითაც კი, რომ მათ ეს დიაგნოზი დასვეს.
ეს სერიოზულია და ჩვენთვის, მეცნიერული თვალსაზრისით, მასში ბევრი საინტერესო დეტალია ლოკაციისა და ახალი ჰანტავირუსის ვარიანტების ქცევის შესახებ.
ასე რომ, არსებობს ბევრი სამეცნიერო საკითხი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხები, ასევე საკითხები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვექცეთ შუაგულ ოკეანეში საკრუიზო გემზე მყოფ მძიმედ დაავადებულ ადამიანებს, რომლებსაც გადამდები დაავადება აქვთ“, – დასძინა შაფნერმა.
ფოტო: REUTERS
