ახალი ამბები

გუდაურში ,,რედკოს დასახლებას’’ წყლის მიწოდება აღუდგა – წყალმომარაგების კომპანია

4 იანვარი, 2020 • 1797
გუდაურში ,,რედკოს დასახლებას’’ წყლის მიწოდება აღუდგა – წყალმომარაგების კომპანია

როგორც „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“-ში აცხადებენ, სამდღიანი სამუშაოების შედეგად გუდაურში მდებარე „რედკოს დასახლება“-ში წყალმომარაგება სრულიად, გუშინ გვიან ღამიდან აღდგა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი შესაბამის სამსახურებთან და 112-ის  ბრიგადებთან ერთად სამი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

კომპანიის ცნობით,  მოეწყო დროებითი სატუმბო სათავე და წყალმომარაგების აღდგენამდე დასახლებას წყალი წყალმზიდების საშალებით მიეწოდა.   პრობლემის მიზეზად უწყება ადგილის მშრალი კლიმატური პირობების გამო წყლის მარაგის შემცირებასა და წნევის ვარდნის გამო რეზერვუარების შევსების პრობლემას ასახელებს.

გარდა ამისა, კომპანია აცხადებს, რომ გუდაურში დაწყებული აქვს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხოლო „პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად შეიცვლება ამორტიზებული და მოძველებული სისტემები, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის საკურორტო ზონაში სეზონურად არსებულ პრობლემებს. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 50 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება“.

ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა რამდენიმე დღის განმავლობაში იყო. პრობლემა ძირითადად აღმოფხვრილია ბაკურიანში.

წყალმომარაგების პრობლემები გუდაურსა და ბაკურიანში

მასალების გადაბეჭდვის წესი