ახალი ამბები

წყალმომარაგების პრობლემები გუდაურსა და ბაკურიანში

3 იანვარი, 2020 • 3030
წყალმომარაგების პრობლემები გუდაურსა და ბაკურიანში

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე წყალმომარაგების პრობლემები შეიქმნა. უკვე მეოთხე დღეა, რაც ზამთრის ერთ-ერთი მთავარი კურორტის, გუდაურის ნაწილს (ახალი გუდაური – რედკოს დასახლება) წყალი არ მიეწოდება. შედარებით მსუბუქი მდგომარეობაა ბაკურიანში, სადაც წყლის მომარაგების პრობლემა კურორტის სამ ლოკაციაზე მცხოვრებ და ჩამოსულ მოსახლეობას დღეს, 3 იანვარს შეექმნა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ტურისტების ნაწილმა გუდაური უკვე დატოვა. წყალმომარაგების კომპანია პრობლემას წყლის მარაგის სიმცირით ხსნის. გუდაურის ნაწილს წყალს ცისტერნებით აწვდიან.

“უწყლობამ გამოიწვია ანტისანიტარია და არის პრობლემა, თვითონ მოსახლეობა ვერ უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო დონეზე წყლის მოხმარებას”, – ამბობს კომპანია “რედკოს” პროექტების მენეჯერი, მალხაზ კუნელაური საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია”, რომელიც პასუხისმგებელია გუდაურში წყლის მიწოდებაზე, აცხადებს, რომ პრობლემა ხვალ, 4 იანვრის დილისთვის მოგვარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი