ახალი ამბები

ლაგოდეხის აღკვეთილში ხის კენწეროების ბილიკის მოსაწყობად აუქციონი გამოცხადდა

4 იანვარი, 2020 • 1085
ლაგოდეხის აღკვეთილში ხის კენწეროების ბილიკის მოსაწყობად აუქციონი გამოცხადდა

დაცული ტერიტორიების სააგენტომ ლაგოდეხის აღკვეთილში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია განახორციელოს არანაკლებ 8 მილიონი ლარის ინვესტიცია, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 წლის განმავლობაში და [21 175 კვ.მ და 1 432 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე] მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს:

[checklist]

  • ხის კენწეროების ბილიკს;
  • საინფორმაციო ცენტრს და საპარკინგე სივრცეს.

[/checklist]

ფოტო აუქციონიდან

აუქციონში საწყისი ფასი 30 ათასი ლარია. ბიჯი – 5 ათასი ლარი. სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, მიწის ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემის ვადა კი – 45 წელი.

აუქციონი 2020 წლის 10 იანვარს დაიწყება და 20 იანვარს დასრულდება.

აუქციონის პირობების მიხედვით:

  • ხის კენწეროების ბილიკის ასაშენებლად/მოსაწყობად აუქციონში გამარჯვებულმა უნდა იხელმძღვანელოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გადაცემული პროექტის შესაბამისად [პროექტი აუქციონში გამარჯვებულს გადაეცემა შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ];
  • ხელშეკრულების (აღნაგობის) ვადის დასრულების და/ან აღნაგობის უფლების მქონე პირის მიზეზით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ობიექტზე ინვესტიციის ფარგლებში აშენებული/მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში;
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო უფლებამოსილია ყოველ 10 წელიწადში ერთხელ მოითხოვოს აღნაგობის საზღაურის გადახედვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ დადგენილი ეროვნული სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით და გაზარდოს აღნაგობის საფასური, რისთვისაც ბაზისად აღებული იქნება აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მაჩვენებელი;
  • აუქციონში გამარჯვებულზე გავრცელდება საშეღავათო პერიოდი და სარგებლობაში გადაცემის (აღნაგობის საზღაური) ფასის (რომელიც დაფიქსირდება სააუქციონო ვაჭრობისას) გადახდა აუქციონში გამარჯვებულმა უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის შემდეგ.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის (Tree top trail) მოწყობის შესახებ ცნობილი გახდა 2017 წელს. პროექტის  ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობების კვლევაზე, დიზაინსა და დეტალურ პროექტირებაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა“ (WWF). ეს ტენდერი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების სამინისტროს (BMZ) მიერ KFW – რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის საშუალებით დაფინანსდა.

ამ თემაზე: როგორი იქნება ხის კენწეროების ბილიკი, რომელიც ლაგოდეხში მოეწყობა

2019 წლის დეკემბერში კი დაცული ტერიტორიების სააგენტომ განაცხადა, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის  პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი იქნება.

ამ თემაზე:

ლაგოდეხის ნაკრძალში ხის კენწეროების ბილიკის პროექტირების სამუშაოები დასრულდა – სააგენტო 

 

 

 მთავარი ფოტო: ხის კენწეროების ბილიკი / ფოტო დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფეისბუქ გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი