ახალი ამბები

როგორი იქნება ხის კენწეროების ბილიკი, რომელიც ლაგოდეხში მოეწყობა

5 ოქტომბერი, 2017 • 5719
როგორი იქნება ხის კენწეროების ბილიკი, რომელიც ლაგოდეხში მოეწყობა

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის (Tree top trail) მოწყობა იგეგმება. პროექტის  ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობების კვლევაზე, დიზაინსა და დეტალურ პროექტირებაზე საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოაცხადა “ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა” (WWF) .

ეს ტენდერი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების სამინისტროს (BMZ) მიერ KFW – რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის საშუალებით ფინანსდება.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი სულამანიძე  ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ტენდერი გამოცხადებულია, რათა გამოცდილმა ორგანზაციამ მათ შესთავაზოთ პროექტი, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს ბილიკი, რა სიმაღლისა და ფორმის უნდა იყოს. მისივე თქმით, ბილიკის საორიენტაციო სიგრძე შესაძლოა 300-500 მეტრი იყოს, თუმცა ზუსტი ციფრები ტენდერის დასრულების შემდეგ ეცოდინებათ. მისივე თქმით,  მათი სურვილია, ბილიკი გაკეთდეს ისე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მათივე ცნობით, წინასწარი გათვლებით ბილიკი 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს.

“ხის კენწეროების ბილიკის იდეა სულ რაღაც 10 წლის არის და პირველი ასეთი ბილიკი ავსტრია-გერმანიაში გაჩნდა. ეს ბილიკი, გარდა იმისა, რომ მას სარეკრეაციო-გასართობი დანიშნულება ექნება, შემეცნებითიც იქნება, იქ იქნება ბევრი ლოკაცია, სადაც ამა თუ იმ ცხოველის, ბუნებრივი მოვლენის შესახებ უფრო დეტალურად შეიტყობენ,”- გვეუბნება გიორგი სულამანიძე.

იგი საუბრობს, თუ რა უპირატესობა ექნება ლაგოდეხის ხის კენწეროების ბილიკს სხვა ქვეყნებში არსებულ ბილიკებთან შედარებით:

“უპრატესობა, რაც თუნდაც გერმანიაში არსებული ბილიკებისგან გამოგვარჩევს- იქ ძირითადად, სადაც ეს ბილიკებია გაკეთებული, ხელოვნური ტყეა- ჩვენთან არის ბუნებრივი ტყე, რომელიც ადამიანის ჩაურევლად არის განვითარებული. უკან გვაქვს კავკასიის ხედი, ქვემოთ ალაზნის ხედი ჩანს,”- ამბობს სულამანიძე.

კითხვაზე, ამ ბილიკის მშენებლობა ხომ არ დააზარალებს ადგილობრივ ეკოსისტემას, გიორგი სულამანიძე გვპასუხობს, რომ არ დაუშვებენ, რომ ბილიკის გამო უნიკალურ ტყეში რაიმე გაფუჭდეს:

“დაცულ ტერიტორიაზე ვმუშაობთ და ჩვენთვის გარემოს დაცვა პრიორიტეტია. ტენდერის ერთ-ერთი პირობა არის, რომ ეს უნდა იყოს ბუნებასთან მეგობრული, ბუნებას ნაკლები ზიანი უნდა მიადგეს და უნდა იყოს ხარჯეფექტური ტექნოლოგიები. მაგალითად, ამის გამო არ უნდა გაიჩეხიოს ტყე. ეს არის ლაგოდეხის აღკვეთილის ტურისტული ზონა, სადაც დღესაც არიან ტურისტები. ეს ტერიტორია ქალაქთან ძალიან ახლოსაა, ამიტომ აქ ცხოველების შეწუხებას არ გამოიწვევს,”- განაცხადა მან.

ვიდეო: ხის კენწეროების ბილიკი გერმანიაში

თუ რატომ ლაგოდეხი, სულამანიძე გვეუბნება, რომ კახეთი პოპულარული ტურისტული ადგილია, თანაც, ბილიკი ახლოს იქნება ქალაქთან:

“ბილიკის იდეა სწორედ ის არის, რომ ძალიან ახლოს ქალაქ ლაგოდეხთან შეიძლება მოეწყოს ასეთი ბილიკი, ადამიანებმა 1-2 საათში მიიღონ სიამოვნება, ბევრი დროც არ დახარჯონ და დამატებით შემოსავლები დატოვონ როგორც ქალაქში, ასევე, ადმინისტრაციაში. ადმინისტრაციას არ აქვს დიდი შემოსავლები, დიდი დაფინანსება, ბუნების შენახვასა და კონსერვაციას კი გარკვეული თანხები სჭირდება და ეს საშულებას მოგვცემს, რომ უფრო თვითკმარი ვიყოთ,”- ამბობს გიორგი სულამანიძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

პირველყოფილი, ველური ბუნებრივი ლანდშაფტებით მრავალფეროვანი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ქალაქ ლაგოდეხში, საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე მდებარეობს და ზღვის დონიდან 590-3500 მ-ის სიმაღლემდე ვრცელდება.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19749 ჰა) და აღკვეთილს (4702 ჰა). ლაგოდეხის აღკვეთილში მოწყობილია ხუთი ტურისტული მარშრუტი, კერძოდ: “როჭოს ჩანჩქერი”, “ნინოსხევის ჩანჩქერი”, “მაჭის ციხე”, “შავი კლდეების ტბა”  და “ბუნების შემეცნების ბილიკი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი