ახალი ამბები

რესპუბლიკის მოედანი ტურისტული წერტილია და დაუშვებელია ქაოსური გარევაჭრობა – მერია

3 იანვარი, 2020 • 2470
რესპუბლიკის მოედანი ტურისტული წერტილია და დაუშვებელია ქაოსური გარევაჭრობა – მერია

მოვაჭრეების პროტესტის საპასუხოდ თბილისის მერია 3 იანვარს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ პირველი რესპუბლიკის მოედანი ერთ-ერთი ტურისტული წერტილია და არ დაუშვებს იქ  უწესრიგობას და ქაოსურ გარევაჭრობას.

“პირველი რესპუბლიკის მოედანი არის ქალაქის ცენტრი, ერთ-ერთი ტურისტული წერტილი და შეუძლებელია, დავუშვათ იქ უწესრიგობა და ქაოსური გარევაჭრობა. თბილისის მერია არავის უზღუდავს ორგანიზებულ საახალწლო გარევაჭრობაში ჩაბმას და კიდევ ერთხელ ვთავაზობთ გარემოვაჭრეებს, სურვილის შემთხვევაში ისარგებლონ შემოთავაზებული ადგილებით”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ 3 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

“თბილისის მერია არავის უზღუდავს ორგანიზებულ საახალწლო გარევაჭრობაში ჩაბმას და კიდევ ერთხელ ვთავაზობთ გარემოვაჭრეებს, სურვილის შემთხვევაში ისარგებლონ შემოთავაზებული ადგილებით”.

“თბილისის მერია ყოველწლიურად, წინასაახალწლოდ განსაზღვრავს იმ ადგილებს, სადაც დროებით, ახალი წლის პერიოდში, დაშვებულია გარევაჭრობა. წელსაც გარევაჭრობისთვის გამოიყო რამდენიმე ადგილი, რომელთაგან ორზე – პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე- გარევაჭრობა ნებადართული იყო მხოლოდ იმ კერძო პირებისა და კომპანიებისთვის, რომლებმაც წინასწარ გაიარეს მერიის მიერ გამოცხადებული რეგისტრაცია”, – აცხადებს მერია.

თუმცა 3 იანვარს თბილისის მერიის წარმომადგენელმა რესპუბლიკის მოედანზე “ნეტგაზეთს”  განუცხადა, რომ გადაწყვეტილება მოვაჭრეების რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადაყვანასთან დაკავშირებით მას შემდეგ მიიღეს, რაც მერიაში მოქალაქეების საჩივრები შევიდა. მერიის წარმომადგენელს არ უხსენებია გადაწყვეტილება წინასწარი რეგისტრაციის შესახებ.

მერია მოვაჭრეებს ვაჭრობას უკრძალავს რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ქალაქის მთავარი ნაძვის ხეა განთავსებული. სანაცვლოდ კი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას სთავაზობს. მოვაჭრეთა ნაწილი ამას აპროტესტებს – ზოგი აცხადებს, რომ პარლამენტთან არავინ მიდის და ვაჭრობა არა აქვთ, ზოგიერთი კი სოლიდარობას უცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილს.

მაჩალიკაშვილის კარავი პარლამენტის წინ მერიის თანამშრომლებმა 31 დეკემბერს იმ საბაბით აიღეს, რომ იქ საახალწლო ატრაქციონები უნდა განეთავსებინათ. ამის შემდეგ პარლამენტთან მალევე გასაბერი, საზაფხულო ბატუტი მიიტანეს, რომელიც შემდეგ სხვა ატრაქციონებით შეცვალეს.

მაჩალიკაშვილი ფიქრობს, რომ მერია ამას არ გეგმავდა, თუმცა ატრაქციონების პარლამენტთან განთავსების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ იქ ახალ წელს პროტესტით არ შეხვედროდა და ყველას მოუწოდა არ მიეყვანათ ბავშვები პარლამენტთან.

მალხაზ მაჩალიკაშვილი და მის მიმართ სოლიდარულად განწყობილი მოქალაქეები, ასევე ოპოზიცია, ახალ წლის ღამეს პარლამენტთან პროტესტით შეხვდნენ.


მთავარი ფოტო: პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დახლები, რომელსაც მერია გარემოვაჭრეებს რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად სთავაზობს.

მე შენს ძმას არა ნაკლებ ვეძებდი და ვწუხდი – მაჩალიკაშვილი კალაძეს მიმართავს

გარემოვაჭრეების პროტესტი რესპუბლიკის მოედანზე და მერიის პასუხი

მასალების გადაბეჭდვის წესი