პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა თბილისის მერს მიმართავს მას შემდეგ, რაც მერიის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან ვაჭრობა აუკრძალეს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შესთავაზეს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ამ დრომდე კახა კალაძის წინააღმდეგ განცხადება არ გაუკეთებია სოლიდარობის ნიშნად:
“ ყოველთვის ვცდილობდი მის მიმართ თავშეკავებული ვყოფილიყავი გამომდინარე იქიდან, რომ ვიცოდი, ამ კაცმა მეტ- ნაკლებად დაახლოებით პატარა მსგავსი ის გზა გამოიარა მოკლე დროის განმავლობაში”.
“მე შენს ძმას არანაკლებ ვეძებდი და ვწუხდი შენი ძმის ამბავს, მაგრამ ეს ყველაფერი დრომ შეცვალა. დინებამ საპირისპიროდ დაიწყო დინება. ფულებმა, ძალაუფლებამ დაგაბრმავა. შენ ცდილობ გქონდეს სპორტსმენის სახელი და პარალელურად გინდა გერქვას კაი ბიჭის სახელი. გინდა იყო ქურდულ სამყაროსთან დახლოებული პირი და ამავდროულად გინდა იყო გამორჩეული პოლიტიკოსი, მაგრამ არარაობა ხარ”, – წერს მაჩალიკაშვილი კახა კალაძის მისამართით ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და დასძენს:
“მოდი, მე მეჩხუბე, ჩემს კარავს და ბანერს, თემირლანის კარავს და ბანერს ეჩხუბე და გარემოვაჭრებს ნუ ეჩხუბები ვიღაცის დაკვეთით. გაუბედურებულ გარემოვაჭრეებს, ქართული ოცნების მიერ ოცნებაწართმეულ ხალხს, დანებე თავი და მიეცი საშუალება, ისუნთქონ. დიდი მადლობა იმ ყველა გარემოვაჭრეს”.
თბილისის მერიამ 31 დეკემბერს პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი დაშალა და იქ საბავშვო ატრაქციონები მიიტანა. ამის შემდეგ კი გარემოვაჭრეებისთვის დახლებიც განათავსა, თუმცა მოვაჭრეების ნაწილმა მაჩალიკაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად იქ გადასვლაზე უარი განაცხადა, ნაწილი კი აპროტესტებს იმის გამო, რომ პარლამენტთან “ვაჭრობა არ არის”.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ახალ, 2020 წელს კვლავ პარლამენტთან შეხვდა – ამჯერად კარვის გარეშე. ის შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას, საპარლამენტო კომისიის შექმნას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.