თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე 8 280 000 ლარს დახარჯავს.
მერიამ გამოაცხადა გამარტივებული შესყიდვა 2026 წლის შობა-ახალი წლის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განსახორციელებლად საჭირო საქონელსა და მომსახურებაზე.
თბილისის მერია „საახალწლო ქალაქის“ მოწყობას და გასართობი ღონისძიებების გამართვას 2025 წლის 12 დეკემბრიდან 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით გეგმავს.
სატენდერო პირობების მიხედვით:
- პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება მრავალფეროვანი თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები, ფოტოზონები, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, თაღები, დეკორირებული ნაძვის ხეები, საციგურაო ყინულის მოედანი შესაბამისი დეკორაციით, ქუჩების და ფასადების თემატური მორთულობები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, თოვლის ბაბუის (სანტას სახლი) და სახელოსნო;
- გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიება, სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები;
- მოეწყობა კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებლებს დახვდებათ თოვლის ბაბუა (სანტა) დამხმარე მსახიობებთან ერთად;
- მოეწყობა კვების და საგამოფენო სივრცეები, გასტრონომიული ზონები, „საშობაო ბაზარი“ და „ტკბილეულის ფესტივალი“.
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, 2025 წლის 31 დეკემბერს, გრანდიოზული საახალწლო გალა კონცერტი იგეგმება.
„საახალწლო ქალაქი“ 2025 წლის 12 დეკემბერს ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნება. თბილისის მერიაში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, რომ ქალაქის მთავარი ნაძვის ხეც რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება.
გასულ წელს, საპროტესტო აქციების ფონზე, თბილისის მერმა ვერ შეძლო რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ განთავსებული ნაძვის ხის საზეიმო ანთება. 14 დეკემბერს, როდესაც ნაძვის ხის საზეიმო ანთება იყო დაანონსებული, მომიტინგეების დიდი რაოდენობის გამო და პოლიციელების მობილიზების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტის შენობასთან ვერ მივიდნენ. დედაქალაქის მერიამ ნაძვის ხე ორი დღის შემდეგ, საჯარო ღონისძიებისა და კონცერტის გარეშე აანთო.








