ახალი ამბები

იუსტიცია უჩიპო პირადობას აღმსარებლობის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე გასცემს

30 დეკემბერი, 2019 • 6887
იუსტიცია უჩიპო პირადობას აღმსარებლობის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე გასცემს

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დროებით დაუშვა არაელექტრონული (“უჩიპო”) პირადობის მოწმობების გაცემა,  საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დოკუმენტის გაცემის წესებში ცვლილება შეიტანა.

როგორც იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, უსაფრთხო დოკუმენტების გაცემის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე (ე.წ. ლამინირებული, ქაღალდის პირადობის მოწმობა) შეიძლება გაიცეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც  რწმენის გამო უარს აცხადებენ  პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობის მიღებაზე. ბრძანების თანახმად, ასეთ შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს მისი აღმსარებლობისადმი კუთვნილების დამადასტურებელი საბუთი.

როგორც იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, ასეთი წესით გაცემული პირადობის მოწმობის მოქმედების ვადაა 1 თვე. ბრძანება ვრცელდება 2019 წლის 26 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 

ბრძანება მოქმედებს დროებით − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ (2019 წლის 26 დეკემბრის №1/12/1404)  საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. 

2019 წლის 26 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემის წესის შესახებ კონსტიტუციური სარჩელი და შეაჩერა პირადობის მოწმობის გაცემის წესის სადავო ნორმა. 

მართლმადიდებელ მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობები შეუთავსებელია მათ რწმენასთან, რადგან, მათ აზრით, ჩიპები შეიცავს ე.წ. მხეცის ნიშნას. მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ არაერთხელ განაცხადა, რომ მსგავსი პირადობების მოწმობები არ ეწინააღმდეგება რელიგიას. მიუხედავად ამისა, მოქალაქეთა ნაწილმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა ნორმა, რომელიც კრძალავს ელექტრონულის გარდა ნებისმიერ სხვა პირადობის მოწმობას. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი