ახალი ამბები

ფონიჭალაში 6 მსხვილი ნარკორეალიზატორი დავაკავეთ – შსს

30 დეკემბერი, 2019 • 1858
ფონიჭალაში 6 მსხვილი ნარკორეალიზატორი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დეკემბერში, ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1958 წელს დაბადებული ა.ჯ., 1981 წელს დაბადებული რ.ა., 1970 წელს დაბადებული ჰ.ჯ., 1974 წელს დაბადებული კ.ჯ., 1992 წელს დაბადებული ა.მ. და 1976 წელს დაბადებული რ.ჯ. მათ ბრალი ედებათ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შსს აცხადებს, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების რამდენჯერმე კონტროლის მიზნით შეიძინეს და აღნიშნული შესყიდვები ფარულად ჩაიწერეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას 68 შეკვრა „ჰეროინი“, სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გარდა ამისა, 1970 წელს დაბადებულ ჰ.ჯ-ს, ასევე, ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას “ტტ-ს” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 23 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 273-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 31000 აბი “სუბუტექსი” და “სუბოქსინი”, 32 კილოგრამი “ჰეროინი”, 2 კილოგრამი და 200 გრამი “კოკაინი”, 22 კილოგრამი და 10 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება “ალფა პვპ”, 25 კილოგრამი “მდმა”, 10 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 2 კილოგრამამდე ფსიქოტროპული პრეპარატები.

მასალების გადაბეჭდვის წესი