ახალი ამბები

დაუღალავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო – ზალკალიანი გაფრინდაშვილზე

28 დეკემბერი, 2019 • 1023
დაუღალავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო – ზალკალიანი გაფრინდაშვილზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეხმაურება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას და მადლობას უხდის საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებს.

„საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ და დაუღალავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო – დღეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია, ის თავის ოჯახთან და ახლობლებთან ერთად შეხვდება ახალ წელს“, – წერს ზალკალიანი ფეისბუკზე.

„მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც უპრეცედენტო ყურადღება და სიმტკიცე გამოიჩინეს უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლების საკითხზე“, – აცხადებ იგი.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსგავსი დაუღალავი ძალისხმევით, დიპლომატიითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მშვიდობიანი გზით გადავჭრით იმ ჰუმანიტარულ პრობლემებს, რასაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა აწყდება“.

ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის საპატიმრო 28 დეკემბრის დილას დატოვა. ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 27 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების თაობაზე.

რუსმა სამხედროებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს მას ცხინვალის სასამართლომ ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის კვეთის ბრალდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი