“ცხოველი, მით უმეტეს, თუ არის აგრესიული და წარმოადგენს საფრთხეს ადამიანებისთვის, მოქალაქეებისთვის, ჩვენ ვართ ვალდებული, სახელმწიფო არის ვალდებული, რომ იმოქმედოს კანონის შესაბამისად,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა “იმედის” ეთერში.
თეთრი ლომის ბოკვერი სახელად შუმბა, რომელსაც ზოოპარკის თანამშრომლები სტიქიის შემდეგ ეძებდნენ, მოკლულია.
13 ივნისის გვიან ღამით ღამეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა. ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები, რომელთაგან შსს-ს ცნობით, რამდენიმე ლიკვიდირებულია.
ირაკლი ღარიბაშვილის ცნობით, ყველა ცხოველი არ არის ნაპოვნი და ჯერ კიდევ არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ რამდენიმე ცხოველი სტიქიის შედეგად დაიხრჩო. მისი განცხადებით, ვინაიდან ტალახის და სილის მასა არის ძალიან დიდი, ჯერ მათი პოვნა ვერ ხერხდება.
“ყველა არის ჩართული, მთელი პოლიცია არის მობილიზებული და ვეძებთ ინტენსიურად ამ ცხოველებს,”- აცხადებს ღარიბაშვილი.
მოქალაქეები ცხოველების დახოცვის ფაქტებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პეტიციას აწერენ ხელს. პეტიციის ადრესატები საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და საქართველოს პრეზიდენტი არიან.
უკანასკნელი ცნობებით, სტიქიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 24 ადამიანს კი ეძებენ. სტიქიამ 165 ადამიანი დააზარალა. მერიის ცნობით, ისინი სასტუმროებში დააბინავეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 15 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, სტიქიის ლიკვიდაციაში ჯარიც ჩაერთო