ახალი ამბები

ახალგორში მოსახლეობის აღწერა დაიწყეს – DRI

26 დეკემბერი, 2019 • 1583
ახალგორში მოსახლეობის აღწერა დაიწყეს – DRI

ახალგორში საოკუპაციო ძალებმა რეგიონში დარჩენილი მოსახლეობის აღწერა დაიწყეს. ამის შესახებ ცნობას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა, რომლებიც სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის  წარმომადგენლები იყვნენ, აღწერის პროცესი დაიწყეს.

“აღწერის პროცესში ოკუპანტები ცდილობენ, კონტაქტში შევიდნენ მოსახლეობასთან და გაიგონ, რა პოზიცია აქვთ გზის ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ამასთანავე, რამდენიმე ოჯახს მოუწოდეს, გამოთქვან უკმაყოფილება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებასთან.   მოსახლეობამ არ იცის, რა მიზანს ემსახურება მათი აღწერა. ამ ფაქტს გაურკვევლობას სძენს ისიც, რომ რუს ოკუპანტებს ზოგიერთი ისეთი პიროვნება შეჰყავთ სიაში, რომელიც ამჟამად რაიონში არ იმყოფება. 

მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამ პროცესს  „ჰუმანიტარულ დახმარებას“ უკავშირებს, რადგან ბოლო დღეებში რუსმა სამხედროებმა ახალგორში კამაზის ტიპის ორი სატვირთო ავტომანქანით საკვები ჩაიტანეს, თუმცა უცნობია, მოსახლეობის რომელი ნაწილისათვის არის ეს პროდუქტები განკუთვნილი – ყველა მიიღებს დახმარებას, თუ მხოლოდ ისინი, ვისაც ე. წ. ოსური პასპორტები აქვთ და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებად ითვლებიან”, – ნათქვამია განცხადებაში.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ “არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელიუფლებას, დროულად და პროაქტიულად იმოქმედოს „ჰუმანიტარული კრიზისში“ მყოფი რეგიონის მიმართ და გააგრძელოს მუშაობა, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე, ახალგორის იზოლაციის დროულად დასასრულებლად, რომელიც უკიდურესად მტკივნეულად აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე”.  

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისგან განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგანან, შესაბამისად, მათთვის განსაკუთრებული მხარდამჭერი მექანიზმებია შესამუშავებელი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი