ახალი ამბები

ილია ჯიშკარიანის პროცესს სასამართლო ღიად განიხილავს

25 დეკემბერი, 2019 • 2735
ილია ჯიშკარიანის პროცესს სასამართლო ღიად განიხილავს

სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის პროცესი ღიად წარიმართება.

ნეტგაზეთი ესაუბრა დაზარალებულის, თამთა თოდაძის ადვოკატს, თამარ ლუკავას, რომელმაც გვითხრა, რომ დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარადგინეს. თუმცა მტკიცებულებების განხილვა გადაიდო და მომავალი სასამართლო პროცესი 14 იანვარს ჩაინიშნა.

„ჩვენ პირველივე დღიდან თამთას მოთხოვნით გავასაჯაროეთ ეს საქმე. პირველივე დღიდან თამთას მოთხოვნა იყო, რომ მაქსიმალურად ცნობილი ყოფილიყო ყველაფერი, გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი თანამდებობის პირია ბრალდებული.

ჰქონდა იმის ეჭვები, რომ საქმე არ გამოძიებულიყო ისე, როგორც საჭიროა, ან სასამართლოში არ მომხდარიყო საქმის შესწავლა ისე, როგორც ჩვეულებრივი საქმეების დროს ხდება ხოლმე. საფრთხის წინაშე იდგა დაზარალებული თავდაპირველად და ამიტომ მოვითხოვეთ ჩვენ მაქსიმალური საჯაროობა და მივაწოდეთ საზოგადოებას ყველა ინფორმაცია“, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას თამარ ლუკავა.

ლუკავა ამბობს, რომ როგორც ჯიშკარიანის, ასევე, თოდაძის მხარემაც ბევრი განცხადება გააკეთა საქმესთან დაკავშირებით და „ფაქტობრივად არ დარჩა მკტიცებულება, რაზეც საზოგადოებას ინფორმაცია არ მივაწოდეთ“. შესაბამისად, სასამართლო პროცესის დახურვის მიზეზი ამ ეტაპზე აღარ არსებობს.

„ახლა მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიგოს სასამართლო პროცესზე როგორ მიმდინარეობს მტკიცებულებების გამოკვლევა“, – ამატებს იურისტი.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თამთა თოდაძე ამგვარ სურვილს გამოთქვამს, მაშინვე მიმართავენ პროცესის დახურვის შუამდგომლობით სასამართლოს.


თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ 8 ოქტომბერს ბრალი წარუდგინა თანამშრომელზე, თამთა თოდაძეზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმეზე. დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს.

პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ მოუთხოვია და მხოლოდ 10 000-ლარიან გირაოს დასჯერდა. სასამართლო 11 ოქტომბერს საავადმყოფოში გაიმართა.

სასამართლო პროცესის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯიშკარიანს ასევე შეეზღუდა მოწმეებთან კომუნიკაცია.

თამთა თოდაძემ განაცხადა, რომ “ოცნების“ დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა სამსახურში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი  ფიზიკურად გაუსწორდა.

ამავე თემაზე:

რატომ არ გადასცა პროკურატურამ ომბუდსმენს ჯიშკარიანის საქმის მასალები

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი