ნეტგაზეთი | პანდემია, სტერეოტიპები, ეკლესია – რა აუარესებს ქალების მდგომარეობას საქართველოში პანდემია, სტერეოტიპები, ეკლესია – რა აუარესებს ქალების მდგომარეობას საქართველოში – Netgazeti
Batumelebi | RU

პანდემია, სტერეოტიპები, ეკლესია – რა აუარესებს ქალების მდგომარეობას საქართველოში

სტერეოტიპები, ეკლესია, პანდემია, განათლების სისტემის ნაკლოვანება – ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ გარემოებებისა, რომელიც ქალთა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში აუარესებს. ამ და სხვა ფაქტორების შესახებ სპეციალურ ანგარიშში წერია, რომელიც დღეს, 18 ივნისს, გაეროს წარუდგინეს.

ანგარიში მოამზადა „კოალიციამ თანასწორობისთვის“, რომელიც ისეთ ორგანიზაციებს აერთიანებს, როგორიცაა – „საფარი“, „ღია საზოგადოება – საქართველო“, WISG; საია, PHR, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „თანასწორობის მოძრაობა“, „ფონდი ტასო და „ჰერა XXI“.

დოკუმენტი არის გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) ალტერნატიული (არასამთავრობო) ანგარიში. როგორც მისი ავტორები განმარტავენ, 2018 წლის ივლისში სახელმწიფოს თავად უნდა წარედგინა მსგავსი ანგარიში, თუმცა 2 წლის დაგვიანებით – 2020 წლის ნოემბერში წარადგინა.

რა წერია ანგარიშში?

ანგარიშის ავტორები წერენ, რომ მართალია, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში გააუმჯობესა საკანონმდებლო ჩარჩო და მეტწილად დაუახლოვა საერთაშორისო სტანდარტებს, დიდ გამოწვევად მისი იმპლემენტაცია რჩება.

ავტორების აზრით, საკანონმდებლო ჩარჩოსა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის სრულ იმპლემენტაციას ხელს უშლის გენდერული სტერეოტიპები და „საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ნათლად საზიანო როლი“.

ამასთანავე, ამავე დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კორონავირუსის პანდემიასთან და, შესაბამისად, ე.წ. ლოქდაუნებთან ერთად, გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის მაჩვენებელიც. გაუარესდა მათი ეკონომიკური მდგომარეობა, განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობებისა და იმ მოქალაქეების, ვინც სოფლად ცხოვრობს. ამასთანავე, პანდემიამ გააძლიერა ლგბტ+ ქალების მიმართ დისკრიმინაციის, სახლების დაკარგვისა და სხვა რისკები.

„საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები პანდემიის ზეგავლენის შესამსუბუქებლად ზოგიერთი ქალისთვის არასაკმარისი იყო, ზოგის საჭიროებები კი საერთოდ უგულებელყოფილი იყო ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში“, – მიიჩნევენ ანგარიშის ავტორები.

ნეტგაზეთი მოკლედ გთავაზობთ იმ საკითხების ჩამონათვალს, რომელიც დოკუმენტშია მიმოხილულული.

ქალთა მიმართ ძალადობა:

საქართველოში ქალები და გოგოები განიცდიან ძალადობის მრავალ ფორმას, მათ შორის, ოჯახში ძალადობას, ფემიციდს, სექსუალურ ძალადობას, იძულებით ქორწინებას, აბორტის იძულებას, სექსუალურ შევიწროებასა და გენიტალიების დასახიჩრებას.

ანგარიშის ავტორები საქართველოს მთავრობაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ 2019 წელთან შედარებით მკვეთრად არ გაზრდილა ძალადობის შესახებ მიმართვიანობა. თუმცა გაიზარდა იმ ქალთა რიცხვი, რომლებმაც ძალადობის შესახებ არასამთავრობო სექტორს შეატყობინეს.

ძალადობის რისკებს ზრდის ასევე ის, რომ ქალებისთვის ხშირია განათლებაზე ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, ასეთის შემთხვევაში მათ არ იციან, ვის მიმართონ – „ამის წინააღმდეგ პანდემიის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაბიჯები არასაკმარისი იყო“. მიუხედავად იმისა, რომ მათ წარადგინეს 112-ის სპეციალური აპლიკაცია, ამის შესახებ ცნობადობა დაბალია.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პრობლემაა ასევე პოლიციის გულგრილობა ძალადობის მსხვერპლთა მიმართ და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ქალ ექსპერტთა ნაკლებობა.

ამასთანავე, ძალადობის მსხვერპლებს, განსაკუთრებით კი რეგიონებში, არ აქვთ საჭირო ფსიქოლოგიური დახმარება, ხოლო სექსუალური შევიწროების საკითხი, მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებისა, მაინც პრობლემურად რჩება.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა

კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი ქვეყანაში. გაეროსთვის წარდგენილ ანგარიშში წერია, რომ დამტკიცებული კვოტების მიუხედავად (რომელიც ავალდებულებს პარტიას, რომ პარტიულ სიაში, სულ მცირე, ყოველი მე-4 ქალი იყოს), დღეს პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ 29 არის ქალი.

მაშინ, როდესაც როგორც ავტორები აცხადებენ, იმისთვის, რომ ქალების საპარლამენტო საქმიანობაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე ზეგავლენა შეეძლოთ, საჭიროა, მათი ოდენობა, სულ მცირე, 30% იყოს.

ამასთანავე, 64 მუნიციპალიტეტის მერიდან მხოლოდ ერთია ქალი. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებისა, კვოტებისთვის გვერდის ავლა პარტია „გირჩმა“ მაინც შეძლო. პრობლემურია ასევე სტერეოტიპები ქალ პოლიტიკოსების მიმართ.

განათლება

განათლების სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ანგარიშის ავტორები სექსუალური და რეპროდუქციულ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობას ასახელებენ.

მათივე თქმით, მიუხედავად გატარებული ცვლილებებისა სასკოლო მასალებში, ინფორმირებულობის დონე მაინც დაბალია და არ პასუხობს UNESCO-ს სტანდარტებს.

საქართველოში დღემდე არ არსებობს სექსუალური განათლებისა და რეპროდუქციული უფლებების შესახებ ცალკე სკოლები.

დასაქმება და დეკრეტული შვებულება

ანგარიშის ავტორები კვლევებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც უმუშევრობა ზოგადი პრობლემაა, ის არაპროპორციულად აზიანებს ქალებს. ამასთანავე, დასაქმებულ ქალთა ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 36.2%-ით უფრო დაბალია, ვიდრე დასაქმებულ კაცთა თვიური შემოსავალი.

გამოწვევად რჩება ასევე დეკრეტული შვებულების მიღება, ხოლო მისი მიღების შემთხვევაში ანაზღაურება დაბალია და შეადგენს, მაქსიმუმ 1000 ლარს (რაც დაახლოებით 260 ევროს ეკვივალენტია).

ჯანდაცვა

ანგარიშში საუბარია ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებზეც, კერძოდ კი იმაზეც, რომ დღეს არსებული სახელმწიფო დაზღვევა საკმარისად არ ფარავს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხს.

ამასთანავე, ანგარიშის ავტორები დასძენენ, რომ პანდემიის პირობებში ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის პასუხი და მზაობა სუსტი იყო.

ქალთა ჩაგრული ჯგუფები

ანგარიშში ცალკე ქვეთავადაა გამოყოფილი ქალთა ის ჯგუფები, რომლებიც განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგანან და განსაკუთრებით საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკის გატარებას. ესენი არიან იძულებით გადაადგილებული ქალები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, სოფლად მცხოვრები ქალები,შშმ ქალები, ასაკოვანი ქალები, ლგბტ+ თემის წარმომადგენელი ქალები, ნარკოდამოკიდებული ქალები, სექსმუშაკები, უსახლკარო ქალები.

ქორწინება და საოჯახო საკითხები

ბოლო ქვეპუნქტი, რომელიც გაეროსთვის წარდგენილ ანგარიშშია გაწერილი, ქორწინებასა და საოჯახო საკითხებს ეხება.

ამ საკითხებს შორის არის ასევე ე.წ. დე ფაქტო ქორწინებისას ქონების განაწილების პრობლემა. ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის კავშირებისას თანაცხოვრებისას შეძენილი ქონება კანონით რჩება იმ პარტნიორს, რომელზეც ეს ქონება ოფიციალურადაა რეგისტრირებული.

მსგავსი ტიპის პრობლემა თავს იჩენს მემკვიდრეობის განაწილების დროსაც. მიუხედავად იმისა, რომ კანონით, საქართველოში ქალებსა და კაცებს მემკვიდრეობის მიღება თანაბრად შეუძლიათ, პრაქტიკაში მემკვიდრეობა ძირითადად კაცს ერგება, თუმცა ფართო საზოგადოებაში ეს ქალებზე ეკონომიკურ ძალადობად არ მიიჩნევა.

ამ ქვეპუნქტში ასევე საუბარია ნაადრევ და იძულებითი ქორწინების პრობლემაზე, მარტოხელა დედების სოციო-ეკონომიკურ პრობლემებზე, ბავშვზე ზრუნვის გამოწვევებზე და სხვა.

სრულად ეს დოკუმენტი, თანდართული რეკომენდაციებით წაიკითხეთ აქ:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან