ახალი ამბები

რატომ არ გადასცა პროკურატურამ ომბუდსმენს ჯიშკარიანის საქმის მასალები

24 ოქტომბერი, 2019 • 2164
რატომ არ გადასცა პროკურატურამ ომბუდსმენს ჯიშკარიანის საქმის მასალები

საქართველოს პროკურატურამ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმეზე სახალხო დამცველს საქმის მასალები არ გადასცა, რაც დაზარალებული მხარისთვი საეჭვოა. სახალხო დამცველი კი მიიჩნევს, რომ საქმეში პირველადი და მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები გვიან ჩატარდა.

თამთა თოდაძის ადვოკატი და სახალხო დამცველი ამბობს, რომ პროკურატურა ვალდებული არ არის, ომბუდსმენის აპარატს საქმის მასალები მისცეს, თუმცა, სხვა ყველა გახმაურებული საქმის, მათ შორის, 20-21 ივნისის აქციისა და ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეების შემთხვევაში, პროკურატურამ ეს გააკეთა.

რას ამბობს თამთა თოდაძის მხარე

დღეს, 24 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარში“ თამთა თოდაძის საქმეზე პრესკონფერენცია გაიმართა. ბრიფინგს ესწრებოდა თოდაძის ადვოკატი, თამარ ლუკავა, რომელმაც ჟურანლისტებთან განმარტა, რომ პროკურატურის მიერ მასალების არგადაცემის გადაწყვეტილება, როგორც მინიმუმ, უცნაურია.

განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ თოდაძემ სახალხო დამცველს შემთხვევიდან უახლოეს პერიოდში, “საფარში“ მისვლამდე მიმართა.

“ვუკავშირებ იმას, რომ ძალიან დაგვიანებულად არის ბევრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული და სახალხო დამცველი ამას აუცილებლად ნახავს.

ოქმებში მითითებული არის კონკრეტული დროები, მაგალითად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, გარე სთვათვალო ჩანაწერების ნახვა, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოთხოვნის შემდეგ ამოიღეს, და ბევრი მსგავსი ასეთი ფაქტი, რაზეც სახალხო დამცველი, შემდგომ, როდესაც ნახავს დარღვევებს, აუცილებლად მოამზადებს შესაბამის დასკვნას და რეკომენდაციას“, – ამბობს თამარ ლუკავა.

ადვოკატის ვარაუდით, პროკურატურას უბრალოდ არ აქვს სურვილი, რომ სახალხო დამცველმა საქმეში დარღვევები აღმოაჩინოს. მათი მთავარი მოთხოვნა ამ ეტაპზე კი სწორედ საქმის მასალების ომბუდსმენისთვის გადაცემაა.

დღევანდელი ბრიფინგი “საფარში“, რომელიც თამთა თოდაძის უფლებებს იცავს. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

რაც შეეხება გამოძიებას, “საფარში“ ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებებზე პროცესისთვის ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად გამოძიების დასრულებამდე, ანუ 17-18 ნოემბრამდე, არ ისაუბრებენ, შემდგომ კი საჯარო ბრიფინგს გამართავენ. მათივე თქმით, ისინი პერიოდულად აყენებენ შუამდგომლობებს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების დანიშვნის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

“სახეზეა დაგვიანებული პირველადი საგამოძიებო მოქმედებები“ – სახალხო დამცველის პოზიცია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ფორმალურად ომბუდსმენის აპარატს მიმდინარე გამოძიებების მასალებზე წვდომა არ აქვს, თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დროს, პროკურატურა საგამონაკლისოდ სახალხო დამცველს მასალების გაცნობის საშუალებას აძლევს ხოლმე.

“პროკურატურას მიუცია წვდომა, მათ შორის, 20-21 ივნისისა და ხორავას ქუჩის მკვლელობის გამოძიებაზე და ა.შ. ამ შემთხვევაში, მე ვფქირობ, რომ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, იმიტომ, რომ საქმეში ფიგურირებს პოლიტიკური თანამდებობის პირი ხელისუფლების პარტიიდან და გარდა ამისა, არის ქალის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანია.

მით უმეტეს, ვთვლი, რომ სახეზეა დაგვიანებული პირველადი საგამოძიებო მოქმედებები, რაც უჩველოა, ვინაიდან, როგროც წესი, ქალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში, პროკურატურა და შსს მოქმედებენ ძალიან სწრაფად და ეფექტურად “,- ამბობს ნინო ლომჯარია.

ნინო ლომჯარია. ფოტო: ომბუდსმენის აპარატი

დაგვიანებულ საგამოძიებო მოქმედებებს შორის ლომჯარია ასახელებს ისეთ პროცედურებს, როგორებიცაა მოწმეთა გამოკითხვა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ტანსაცმლისა და ბიოლოგიური მასალების ამოღება და სხვა.

“რაც მაძლევს საშუალებას განვაცხადო, რომ გარკვეული საეჭვო გარემოებები თავიდანვე არსებობს, ამიტომ ვთვლი, რომ სახალხო დამცველის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა“,- განმარტავს ლომჯარია.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, მისცემს თუ არა პროკურატურა აპარატს საქმის მასალებს, სახალხო დამცველი, შეეცდება ეს მასალები დაზარალებულისგან და მისი ადვოკატისგან მიიღოს. გარდა ამისა, ისინი პროკურატურისგან ინფორმაციას გამოითხოვენ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებისა და მათი ჩატარების დროების შესახებ. ამ მოთხოვნით ომბუდსმენმა აპარატს უკვე მიმართა.

რაც შეეხება პროკურატურის არგუმენტს, სახალხო დამცველი ამბობს, რომ უწყებამ ფორმალურ პროცედურულ მხარეზე მიუთითა და “თქვა, რომ კანონმდებლობით, ამ ინფორმაციაზე წვდომა ჩვენ არ გვაქვს, გამონაკლისის დაშვებაზე კი უარი გვითხრეს“.

რას ამბობს თვითონ პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის 24 ოქტომბრის განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველმა ჯიშკარიანის საქმეზე საგამონაკლისო წესით მასალებზე წვდომა 11 ოქტომბერს ითხოვა.

უწყებაში ამბობენ, რომ სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მე-18 მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს, შემოწმების ჩატარებისას გაეცნოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ მხოლოდ იმ საქმეებს, რომლებზეც მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული.

“შესაბამისად, რადგან კანონმდებლობა სახალხო დამცველის მიმართ რაიმე საგამონაკლისო წესს არ ითვალისწინებს, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს წერილობით აცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა ვერ უზრუნველვყოფს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის საქმის გაცნობას. ამასთან, საქართველოს პროკურატურა კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს, კანონის გათვალისწინებით განაგრძოს სახალხო დამცველის საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა.

სახალხო დამცველის აპარატს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, შესაძლებლობა აქვს პროკურატურაში გაეცნოს იმ საქმეთა მასალებს, რომელთა ხელმისაწვდომობასაც მისთვის საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს“, – ნათქვამია განცხადებაში.


თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ 8 ოქტომბერს ბრალი წარუდგინა თანამშრომელზე, თამთა თოდაძეზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმეზე. დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს.

პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ მოუთხოვია და მხოლოდ 10 000-ლარიან გირაოს დასჯერდა. სასამართლო 11 ოქტომბერს საავადმყოფოში გაიმართა.

სასამართლო პროცესის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯიშკარიანს ასევე შეეზღუდა მოწმეებთან კომუნიკაცია.

თამთა თოდაძემ განაცხადა, რომ “ოცნების“ დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა სამსახურში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი