სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ეხმაურება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობის გადაწყვეტილებას.
ბიბილოვი აცხადებს, რომ გაფრინდაშვილმა გამიზნულად დაარღვია კანონი და უნდა დაისაჯოს, თუმცა ამ საქმის პოლიტიზება დასანანია.
“მე ვერ ვიტყოდი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო მკაცრი ან სასტიკი. აბსოლუტურად არა. ადამიანმა, რომელიც არღვევს კანონს, პასუხი უნდა აგოს. ამასთან, თუ ადამიანი ამას გამიზნულად აკეთებს, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. გაფრინდაშვილმა ნამდვილად (და ის ამას ეთანხმება) გაცნობიერებულად დაარღვია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი. ერთადერთი, შეიძლება დასანანი იყოს, რომ ამ სიტუაციიდან პოლიტიკას აკეთებენ”, – განაცხადა ბიბილოვმა.
მისი თქმით, გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ქართველი და დასავლელი პოლიტიკოსების მკაცრ განცხადებებს აკეთებენ მაშინ, როდესაც საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სასამართლის ნორმების დარღვევაზე არ რეაგირებენ.
“აბსოლუტურად უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ხელყოფით, ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე პოსტი განათავსა. ამას, სამწუხაროდ, არავინ აქცევს ყურადღებას. ხოლო იმ ადამიანის ქმედებისგან, რომელმაც გამიზნულად წავიდა დანაშაულზე, პოლიტიკას ქმნიან”, – აღნიშნა ბიბილოვმა.
ცნობისთვის, 20-24 აგვისტოს ქართულმა მხარემ ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში განათავსა პოსტი, რომელიც, EUMM-ის შეფასებით, 240 მეტრით არის დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც, ტრადიციულად, მიჩნეული იყო, რომ გადიოდა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი. იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები იმავე ტერიტორიაზე. ეს ნიშნები მოიცავს მწვანე ბანერებსა და დროშებს.
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გაფრინდაშვილს ცხინვალში ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს