ახალი ამბები

დეზინფორმაცია ყველგან ხდება, მაგრამ არა სამიზნე საზოგადოების მთავრობების მიერ – DFRLab

23 დეკემბერი, 2019 • 1755
დეზინფორმაცია ყველგან ხდება, მაგრამ არა სამიზნე საზოგადოების მთავრობების მიერ – DFRLab

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტიკის ლაბორატორიის (DFRLab) დირექტორის, გრამ ბრუკის შეფასებით, დეზინფორმაციის კამპანიები უჩვეულო არ არის, თუმცა შემაშფოთებელია დემოკრატიად მიჩნეული ქვეყნის მთავრობის ჩართულობა აღნიშნულში.

“რუსეთის მთავრობისთვის ეს მეთოდი ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა. რუსულ მოდელში მთავრობა ძალით ცდილობს საკუთარი საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას საინფორმაციო სივრცეში თავისი ნარატივების აქტიური გავრცელებით. ეს არ არის ღია და თავისუფალი საზოგადოება. საქართველოს შემთხვევაში ეს ქსელი დაკავშირებული იყო მთავრობასთან და მისი პირდაპირი მხარდაჭერა ჰქონდა. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს უჩვეულოა და შეშფოთების საბაბს ქმნის. რა თქმა უნდა, დეზინფორმაცია და ნარატივების იარაღად გამოყენება ყველგან ხდება. მაგრამ ეს ხდება პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ჯგუფების ან უცხო ქვეყნის მთავრობების და არა თვითონ სამიზნე საზოგადოების მთავრობების მიერ”, – განაცხადა გრამ ბრუკიმ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

“ატლანტიკური საბჭოს”  ციფრული კრიმინალისტიკის ლაბორატორიამ, DFRLab-მა დამოუკიდებლად, მხოლოდ ღია წყაროებზე დაყრდნობით შეისწავლა და გააანალიზა “ფეისბუქის” მიერ დასახელებული გვერდებიდან,  მათ გაუქმებამდე, 261 გვერდი, თუმცა ვერ შეძლო პირდაპირ და დამოუკიდებლად დაედასტურებინა მათი კავშირი მთავრობასა და სარეკლამო სააგენტო Panda-სთან. “პანდა”, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ ფეისბუკს არ დაუდასტურებია კავშირი “პანდას” ოფიციალურ გვერდსა და დანარჩენ გვერდებს შორის. სინამდვილეში, “ფეისბუკის” განცხადებაში წერია, რომ მათმა გამოძიებამ დაადგინა კავშირი სარეკლამო კომპანია “პანდასა” და აღნიშნულ აქტივობებს შორის, რის გამოც გვერდები წაიშალა.

DFRLab-ის დირექტორი გრამ ბრუკი “ამერიკის ხმასთან” განმარტავს, რომ “ფეისბუქმა” და DFRLab-მა საქართველოში კოორდინირებული და არაავთენტური საეჭვო ოპერაციების გამოძიება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩაატარეს და DFRLab-ისგან განსხვავებით, “ფეისბუქი” გამოძიებას აწარმოებს გაცილებით დეტალურად, არა მხოლოდ ღია წყაროებზე დაყრდნობით, არამედ შიდატექნიკური შესაძლებლობების გამოყენებით.

“ეს ჯგუფები და გვერდები აქვეყნებდნენ კონტენტს, რომლებიც პირდაპირ კავშირში იყო საქართველოს მთავრობის საქმიანობასთან და ისინი მხოლოდ ერთ პოზიციას გამოხატავდნენ. ჩვენს შესაძლებლობებზე დაყრდნობით, რაც მხოლოდ ღია წყაროებით შემოიფარგლება. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო კოორდინირებული ოპერაცია. “ფეისბუქს” აქვს საშუალება ნახოს, თუ როგორ იქცევა საეჭვო მომხმარებელი სხვადასხვა ჯგუფებში, ვის ეკუთვნის ესა თუ ის გვერდი, როდის და სად შეიქმნა ის, ვინ არის ჯგუფის ადმინისტრატორი და ასე შემდეგ. ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ”ფეისბუქის” მიერ გაკეთებული შეფასება,  გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ღრმაა მათი წვდომა საკუთარი პლატფორმის დეტალებზე და კოორდინირებული ოპერაციების გამოვლენაზე”, – განაცხადა ბრუკიმ.

DFRLab აცხადებს, რომ გააგრძელებს დაკვირვებას საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელებაზე და მის გამოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი