ახალი ამბები

ელჩები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია იანვარში კონსენსუსს მიაღწევენ

20 დეკემბერი, 2019 • 1915
ელჩები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია იანვარში კონსენსუსს მიაღწევენ

ელჩების შუამავლობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე დიალოგი იანვარში გაგრძელდება.

მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას შესთავაზა  2020 წლის და შემდგომი არჩევნებისთვის ახალი მოდელი, რომელიც ითვალისწინებს მაჟორიტარების რაოდენობის 73-დან 50-მდე შემცირებას და პროპორციული წილის 100 მანდატამდე გაზრდას. ოპოზიცია ამ წინადადებას არ იზიარებს და “გერმანული საარჩევნო მოდელის” მოდიფიცირებული ვარიანტის მიღებას ითხოვს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მოდერატორი ელჩები აცხადებენ, რომ დიალოგი იანვარში გაგრძელდება.

“2020 წელი იქნება მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. საპარლამენტო არჩევნები მოდის 10 თვეში და  საარჩევნო კანონმდებლობა არ არის. ბევრი წინადადება არის მაგიდაზე და ვიმედოვნებ, რომ როდესაც მხარეები დაბრუნდებიან იანვარში, დაიწყება რეალური დისკუსია განსხვავებულ მოდელებზე და წინადადებებზე. ვიმედოვნებ, რომ ქართველი პოლიტიკოსები (და ეს ნამდვილად არის ტესტი ყველასთვის, ვინც პოლიტიკოსია) გაიაზრებენ თავიანთ პასუხისმგებლობას და შეიმუშავებენ საარჩევნო კანონმდებლობას, რომელიც იმდენად ფართო კონსენსუსს დაეფუძნება, რამდენადაც ეს შესაძლებელია”, – განაცხადა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი მიესალმა იმ ფაქტს, რომ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე მმართველი პარტია საკუთარი შეთავაზებით მივიდა.

“მხარეებმა ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით გაცვალეს აზრები. დღეს შეთანხმება არ მიღებულა, თუმცა ყველა დაეთანხმა იმას, რომ დიალოგი იანვარში უნდა გაგრძელდეს. უნდა გაგრძელდეს სერიოზული მუშაობა და მხარეების მხრიდან უნდა გამოვლინდეს კეთილი ნება, კომპრომისის სურვილი“, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, კარლ ჰარცელის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ODIHR-ის რეკომენდაციებზე და ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციებზე.

“პროცესი გაგრძელდება და ეს მნიშვნელოვანია.  მოლაპარაკებების ოთხ რაუნდზე ჩვენ განსხვავებული წინადადებები მოვისმინეთ  და გვქონდა სასარგებლო დისკუსია. მივესალმები იმ ფაქტს, რომ მმართველი პარტიის მხრიდანაც გვაქვს წინადადება. შეთანხმებაა, რომ დისკუსია გაგრძელდება”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი