თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროს ახალი ვაგონების პირველი პარტია (4 ვაგონი) ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა და მალე საქართველოში იქნება.
„მეტროს განახლება და ახალი ვაგონების შემოყვანა ქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ახალი მოძრავი შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა კომფორტს, უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს და თბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოებს“, — აცხადებს მერია.
როგორც „ნეტგაზეთს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ახალი ვაგონების პირველი პარტია ჩინეთიდან საქართველოში ოქტომბერ-ნოემბერში ჩამოვა და სავარაუდოდ, ახალი წლიდან ჩაეშვება ექსპლუატაციაში. კომპანიის ცნობით, ვაგონებს აქვს თანამედროვე ვენტილაცია-გაგრილების და კონდიცირების სისტემა და მეტროში ხმაურსაც შეამცირებს.
თავდაპირველად საუბარია 4-ვაგონზე, რაც ერთი მატარებლის შემადგენლობაა.
თბილისის მერიას ახალი ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯი-თი გრუპთან“ 5-წლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ხელშეკრულების ფარგლებში, „ჯი-თი გრუპმა“ მეტროს ვაგონების მწარმოებელთან (კომპანია CRRC, ჩინეთი) თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტს სულ 111 ვაგონი (სულ 25 მატარებელი, მათ შორის, 14 ერთეული 4-ვაგონიანი და 11 ერთეული 5-ვაგონიანი) უნდა მიაწოდოს.
