ახალი ამბები

საქართველოში აშშ-ის ელჩად სენატმა კელი დეგნანი დაამტკიცა

20 დეკემბერი, 2019 • 2286
საქართველოში აშშ-ის ელჩად სენატმა კელი დეგნანი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩად კელი დეგნანი დაამტკიცა. გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ მიიღეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი 2018 წლის აპრილიდან არ ჰყავს. ელჩ იან კელის სწორედ ამ დროს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა.

დეგნანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ბოლო დრომდე აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის ხელმძღვანელობის პოლიტიკური მრჩეველი იყო. ის ასევე იყო იტალიაში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, კოსოვოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.

თეთრი სახლის ინფორმაციით, 25-წლიანი კარიერის განმავლობაში კელი დეგნანი აშშ-ის წარმომადგენლობებში მუშაობდა, მათ შორის, ნატოში (ბელგია), ანკარაში (თურქეთი) და ა.შ.

დეგნანს მიღებული აქვს Northwestern University-ის ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში, ასევე, სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი