ახალი ამბები

“დააბეს და სცემეს” – პოლიციელებს მოქალაქეზე ძალადობაში ადანაშაულებენ

19 დეკემბერი, 2019 • 1253
“დააბეს და სცემეს” – პოლიციელებს მოქალაქეზე ძალადობაში ადანაშაულებენ

რუსთავში პოლიციას მოქალაქეზე ძალადობაში ადანაშაულებენ. დაზარალებულის კოლეგის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, მამუკა შაქარაშვილი, რომელიც პროფესიით იურისტია, პოლიციელებმა საკუთარ სახლში დააბეს, შემდეგ კი სცემეს.

ალექსანდრე კობაიძე ჟურნალისტებთან ყვება, რომ შაქარაშვილის სახლში პოლიციელები ჩხრეკის მოტივით შევიდნენ, იქ კი ხელბორკილებით დააბეს და სცემეს.

„მის ჯანმრთელობას ახლა რეალური საფრთხე ემუქრება და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი“,- ამბობს კობაიძე და ამატებს, რომ შაქარაშვილს პოლიციელებმა ტელეფონიც ჩამოართვეს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც მხოლოდ ის გვითხრეს, რომ შაქარაშვილი პოლიციელებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. უწყება ამბობს, რომ ადვოკატი შემდგომ ხელწერილით გაათავისუფლეს.

რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, აქ გვითხრეს, რომ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო სსკ-ს 333-ე  – სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი