ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში 15 წლის ლუკა სირაძის დაკითხვისას კიდევ ორი არასრულწლოვანი იმყოფებოდა.
„ამ ეტაპისთვის საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ განყოფილებაში იმ დროისთვის იმყოფებოდა კიდევ ორი არასრულწლოვანი თავიანთ კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად“,- ამბობს საია-ს იურისტი რეზო აჭარიძე.
საია-ში ამბობენ, რომ განყოფილებაში იმ ღამეს იყო ის გოგოც, რომელმაც შემდგომ, როგორც სახელმწიფო ინსპექტორი ამბობს, თვითდაზიანება მიიყენა. მათივე ინფორმაციით, დაკითხვისას მოზარდები ერთმანეთთან დააპირისპირეს.
ლუკა სირაძე და სხვა მოზარდები „მწვანე სკოლის“ საქმეზე 10 დეკემბერს დაკითხეს. საია-ში ამბობენ, რომ ამ დაკითხვის დროს არასრულწლოვნები ერთმანეთთან დააპირისპირეს.
ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.
“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.
სირაძის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ, მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.
ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სწორედ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სცადა, რის შედეგადაც, რამდენიმე დღეში, 17 დეკემბერს დაიღუპა.
ჩვენებებში დასახელებულია 3-4 პოლიციელი, ვინც მოზარდს ემუქრებოდა – იურისტი
