ახალი ამბები

“უდოს კომისიის წევრებმა უნდა განმარტონ, რატომ გაათავისუფლეს ჩოლოიანი” – ნაცვლიშვილი

5 აგვისტო, 2021 • 1971
“უდოს კომისიის წევრებმა უნდა განმარტონ, რატომ გაათავისუფლეს ჩოლოიანი” – ნაცვლიშვილი

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი “უდოს” კომისიის წევრებისგან საჯარო განმარტებას ითხოვს, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღეს 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული მარიანე ჩოლოიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება.

ნაცვლიშვილის თქმით, კომისიის წევრებმა საზოგადოებას უნდა აუხსნან, რა გააკეთეს:

“ე.წ. “უდო” რამე უსულო, მექანიკური დანადგარი არ გეგონოთ, (არასწორად დაანგარიშებულ გადასახადებზე რომ ეუბნებოდნენ ხოლმე მოქალაქეებს, კომპიუტერმა დაწერაო). ეს არის კონკრეტული, ცოცხალი ადამიანებისგან შემდგარი კომისია. ამ ხალხმა საჯარო უფლებამოსილება განახორციელა, კერძოდ, პირადი გადაწყვეტილება არ მიუღია. ამიტომ ახლა დაეწყონ სათითაოდ კომისიის წევრები და საჯაროდ ისაუბრონ, რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღეს ჩოლოიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება.

კოლექტიური პასუხისმგებლობა და ბიძინა ცუდია – ასეთი ხალხისთვის თავშესაფარი და კომფორტია. გამოვიდნენ და საზოგადოებას- მათ შორის საკუთარ შვილებს, დედებს, მამებს – აუხსნან რა გააკეთეს”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ყოფილი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც 2019 წლის დეკემბერში დაღუპული ლუკა სირაძისთვის ჩვენების იძულების ბრალდებით 3-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

როგორც “ნეტგაზეთს” მისმა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, ჩოლოიანი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.

ადგილობრივი საბჭოები სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ექვემდებარება. საბჭო განიხილავს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სასამართლომ ჩოლოიანს პატიმრობა გასული წლის 7 სექტემბერს მიუსაჯა.

ჩოლოიანი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს — ადვოკატი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი