ახალი ამბები

ოჯახში ვინც დავრჩით, ისინიც გაგვანადგურეს — ლუკა სირაძის დედა

5 აგვისტო, 2021 • 3487
ოჯახში ვინც დავრჩით, ისინიც გაგვანადგურეს — ლუკა სირაძის დედა

ყოფილი გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლებას 2019 წელს დაღუპული ლუკა სირაძის დედა გამოეხმაურა.  ჩოლოიანს გამოძიება მოზარდისთვის ჩვენების იძულებას ედავებოდა, რის გამოც 3-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მოზარდის დედა ელიკო ჩხიტუნიძე ტვ “პირველთან” აღნიშნავს, რომ ჩოლოიანს სასჯელის ის ზომაც კი არ ჰქონდა მისჯილი, რომელიც ეკუთვნოდა, ახლა კი ის თავისუფალია.

“ოჯახში ვინც დავრჩით, დედაც და ძმაც, ესენიც გაგვანადგურეს. სუნთქვის საშუალებაც კი წაგვართვეს, რომ იტყვიან. ცხოვრებაზე ხელი უნდა აიღო. სამართალი სად უნდა ეძებო თურმე?

ჯერ ისედაც არ იყო შეფარდებული ის, რაც ეკუთვნოდა… ბიძა რომ მყოლოდა პროკურორი, ნათესავი მყოლოდა, კიდევ გამოიძიებდნენ და უმაღლეს სასჯელს [მიუსჯიდნენ] ალბათ.

მე ასე ვფიქრობ, რომ თავიდანვე იყო მოლაპარაკება. გააჩუმეს, ჩასვეს, შენ მალე გამოგიშვებთო. რაც იქნებოდა, ყველანაირად იცოდნენ, თორემ ამას რაღად უნდოდა მეტი გამოძიება? ისედაც გამოძიებული იყო ყველაფერი.

ასეთი გამწარებული დედა… ხალხი, ყველა გამოგვყვებოდა. მთელი თბილისი კი არა, მთელი საქართველო გვერდით დაგვიდგებოდა, მაგრამ დაგვაჭირეს წიხლი, გაგვანადგურეს”, — უთხრა მან ტვ “პირველს”.

5 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ყოფილი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც 2019 წლის დეკემბერში დაღუპული ლუკა სირაძისთვის ჩვენების იძულების ბრალდებით 3-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

როგორც “ნეტგაზეთს” მისმა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, ჩოლოიანი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.

ადგილობრივი საბჭოები სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ექვემდებარება. საბჭო განიხილავს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სასამართლომ ჩოლოიანს პატიმრობა გასული წლის 7 სექტემბერს მიუსაჯა.

ლუკა სირაძის საქმე

15 წლის ლუკა სირაძე 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღით ადრე სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მოზარდის გარდაცვალებას წინ უძღოდა დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში, გამომძიებელი კი სწორედ მარიანა ჩოლოიანი იყო. ამ საქმეზე ბრალი მხოლოდ მას წარედგინა. ჩოლოიანი მოზარდის გარდაცვალებიდან მალევე დააკავეს, თუმცა ის ბრალს არ აღიარებდა. მანამდე შსს-ც აცხადებდა, რომ საქმეში პოლიცია უდანაშაულო იყო.

გამომძიებლის დაკავების შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიმ თქვა, რომ 15 წლის მოზარდის გამოკითხვა 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, 23:30 საათამდე.

ლუკა სირაძის ძმა გასული წლის დეკემბერში  “ნეტგაზეთთან” აცხადებდა, რომ არასრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ: 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

გასული წლის ივლისში ლუკა სირაძის დედამ, ელიკო ჩხიტუნიძემ ტელეეთერში განაცხადა, რომ მისი შვილის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის გარდა პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე სხვა პოლიციელებმაც იძალადეს ფსიქოლოგიურად, ხოლო ერთ-ერთ მათგანზე ეჭვი აქვს, რომ 15 წლის მოზარდს ხელი დაარტყა.

მისი თქმით, მხოლოდ მაშინ ჩათვლის, რომ სამართლიანობას მიაღწია, როცა ჩოლოიანი და კიდევ 3 პოლიციელი უმკაცრესად დაისჯებიან, ამისთვის კი დახმარებას საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სთხოვდა. გარდა ამისა, მისი თქმით, პასუხი სკოლის წარმომადგენლებსაც უნდა მოეკითხოთ.

თავის დროზე საქმის გამომძიებელი ორგანო – სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი – აცხადებდა, რომ ჩოლოიანის გარდა, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების მხრიდანაც გამოვლინდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევების ფაქტები, თუმცა სხვა პოლიციელების მიმართ ინსპექტორმა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ გამოკვეთა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით შსს-ს გენინსპექციას მიმართა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნულ პოლიციელებს დისციპლინარული სახდელი დაეკისრათ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში სახდელის ფორმა არ დაუკონკრეტებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი