ახალი ამბები

15 წლის მოზარდის გამოკითხვაში ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის გამომძიებელი მონაწილეობდა – საია

17 დეკემბერი, 2019 • 2157
15 წლის მოზარდის გამოკითხვაში ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის გამომძიებელი მონაწილეობდა – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, “მწვანე სკოლის” ინციდენტზე არასრულწლოვნის გამოკითხვაში ის გამომძიებელი მონაწილეობდა, რომელიც ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის გახმაურებულ საქმეშიც ფიგურირებს. ამის შესახებ საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩართულია პოლიციელთა მხრიდან არასრულწლოვანზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის საქმეში, რამაც მოზარდი სავარაუდოდ თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა.

2019 წლის 16 დეკემბერს ტელეკომპანია ,,იმედის“ დილის ეთერში არასრულწლოვნის საქმეზე განმარტებები გააკეთა გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა, რომელიც 2019 წლის 10 და 11 დეკემბერს მონაწილეობდა არასრულწლოვნის გამოკითხვის პროცესში. მისი განმარტებით, არასრულწლოვანზე არანაირი სახის ძალადობა არ განხორციელებულა.

აღსანიშნავია, რომ გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი ასევე ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეში”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

საიას განმარტებით, გოგუაძის საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ის 2011 წლის 26 მაისს, ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების შემდეგ სამართალდამცავმა პირებმა ის ჯერ ქარელის, ხოლო შემდეგ თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. ორივე განყოფილებაში მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა მისი დასჯისა და მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით. გოგუაძის განმარტებით, მთავარ სამმართველოში მოწმის სახით გამომძიებელმა, ჩოლოიანმა დაკითხა, რომელმაც მოგვიანებით მისი, როგორც ბრალდებულის, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმიც შეადგინა.

საიას დაცვის ქვეშ მყოფი ნიკოლოზ გოგუაძის განმარტებით, დაკითხვის პარალელურად გრძელდებოდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, კერძოდ, 2 სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პირს გოგუაძე პერიოდულად გაჰყავდა სხვა ოთახში, სადაც მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა ხორციელდებოდა, შემდეგ კი ჩოლოიანთან ოთახში აბრუნებდნენ. მიუხედავად გოგუაძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა, საიას ცნობით, ჩოლოიანმა გოგუაძის ბრალდების საქმეში სასამართლოს წინაშე მოწმის სახით დაკითხვისას ამ უკანასკნელის ცემის ფაქტი არ დაადასტურა. ამავდროულად, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, რომელიც ჩოლოიანმა შეადგინა, გოგუაძის დაკავების ფაქტობრივ დროდ მითითებულია 2011 წლის 27 მაისი, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად გოგუაძე სამართალდამცავებმა 2011 წლის 26 მაისს, დაახლოებით დილის 11 საათისკენ დააკავეს.

“გოგუაძის დაკავება 2011 წლის 26 მაისს და მის მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელება, ამავდროულად, დადგენილად მიიჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით. 

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით: „მთავრობამ აღიარა, რომ მომჩივანი იყო მათი ეფექტიანი კონტროლის ქვეშ 2011 წლის 26-27 მაისს და მან ამ პერიოდში მიიღო არაერთი ფიზიკური დაზიანება. […] საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მომჩივნის საჩივრის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს დაზიანებები იყო არასათანადო მოპყრობის შედეგი, რომელიც მან მიიღო მისი დაკავების დღეს. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის [წამების აკრძალვა] დარღვევას.“ მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ყინწვისის საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უფლების დარღვევის ფაქტები დაადგინა, ეროვნულ დონეზე გამოძიება კვლავაც უშედეგოდ მიმდინარეობს და გოგუაძის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების მიერ ამ დრომდე არ მომხდარა ბრალის წაყენება არცერთი პირისთვის”, – აცხადებენ საიაში.

საიას განცხადებით, ნიკოლოზ გოგუაძის საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის როლი აღნიშნულ საქმეში, ეჭვქვეშ აყენებს მის მიერ არასრულწლოვნის საქმეზე გაკეთებულ განმარტებებს.

“ის ფაქტი, რომ ნიკოლოზ გოგუაძის საქმეზე ამ დრომდე არცერთი სამართალდამცავი არ არის პასუხისგებაში მიცემული, ნათლად ადასტურებს, რომ როგორც წესი, პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი და გამოუძიებელი რჩება. საია იმედს იტოვებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომლის საგამოძიებო მანდატი 2019 წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა, შეძლებს სათანადოდ გაუმკლავდეს მასზე დაკისრებულ ფუნქციას და ბოლომდე მიიყვანს არასრულწლოვნის საქმის გამოძიებას”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

საია მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს:

  • გამოძიების მიმდინარეობისას საფუძვლიანად შეამოწმოს/გამოიკვლიოს მარიანა ჩოლოიანის მიერ საჯაროდ გაკეთებული განმარტებების შინაარსი და მათი ნამდვილობა, მით უფრო იმ პირობებში, რომ ამ გამომძიებლის მიერ ე.წ. ყინწვისის საქმეში მიცემული ახსნა-განმარტება და შედგენილი დოკუმენტების ნამდვილობა არ დადასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი