ნეტგაზეთი | წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ჩადის ვაშინგტონამდე – მინისტრი და ელჩი კონგრესმენებზე წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ჩადის ვაშინგტონამდე – მინისტრი და ელჩი კონგრესმენებზე – Netgazeti

წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ჩადის ვაშინგტონამდე – მინისტრი და ელჩი კონგრესმენებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ისევე როგორც საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილის შეფასებისას ამბობენ, რომ “ვაშინგტონამდე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ჩადის”.

საქართველოს დიპლომატიური უწყების წარმომადგენლების თქმით, აშშ-საქართველოს ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთ მაღალ დონეზე, როგორც დღესაა და ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღება, რომლის ავტორებიც არიან სწორედ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენები: ადამ კინზინგერი (რესპუბლიკელი, ილინოისის შტატი) და ჯერალდ კონოლი (დემოკრატი, ვირჯინიის შტატი).

“ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის რეაგირება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. მათი რჩევები ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ფასეული. ბუნებრივია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები იწვევს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მისვლას ვაშინგტონამდე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნიოროებთან იყოს სწორი კომუნიკაცია, მათ მიეწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია და რა, თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორობა ამ განცხადებით არ კნინდება”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს ორპარტიული მყარი მხარდაჭერა როგორც აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან, ისე აღმასრულებელ დონეზე.

“როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა ჩვენი თანამშრომლობა ვაშინგტონთან. მათ მიეწოდებათ ყველა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ვიმეორებ, ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის ვაშინგტონამდე და ამიტომ აუცილებელია, მათ ჰქონდეთ ზუსტი ადეკვატური შეფასება. ჩვენ გვაქვს, გვქონდა და მომავალშიც გვექნება კომუნიკაცია და ჩვენს ურთიერთობას ერთი წუთითაც არ მიადგება ჩრდილი”, – დასძინა მან.

საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე ასევე აცხადებს, რომ აშშ-თან საქართველოს სტრატეგიული პარნტიორობა არის მტკიცე, როგორც არასდროს.

“ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორია არის აღმავალი. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციასთან. ჩვენ ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს პარტნიორებს, გვაქვს ძალიან მჭიდრო პარტნიორობა მათთან. გასაგებია, რომ წინააღდმეგობრივი, განსხვავებული გზავნილები ჩადის, თუმცა ჩვენი პარტნიორები ყოველთთვის იღებენ ობიექტურ ინფორმაციას ჩვენგან. შესაბამისად, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

არც საგარეო საქმეთა მინისტრმა და არც ელჩმა არ უპასუხეს კითხვას, აპირებს თუ არა საქართველო კონგრესმენების კრიტიკის გათვალისწინებას პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ნაწილში.

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარებმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა და დემოკრატმა ჯერალდ კონოლიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი მისწერეს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო აკრიტიკებენ და ამ ფაქტს შოკისმომგვრელს უწოდებენ.

 

პროპორციულის ჩაგდება აშშ-სთვის შოკისმომგვრელი იყო – კონგრესმენები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.