“ოდეერის” რეფორმირება არის თუ არა შესაძლებელი, რამდენადაც ეს ინსტიტუტი საბჭოთა პერიოდიდან იღებს სათავეს?
სახელმწიფო დაწესებულებებში (სამინისტროებში, უწყებებში) არის განყოფილება, სადაც ზის უშიშროების ოფიცერი. ეს ინსტიტუტი იმისთვისაა, რომ უთვალთვალოს. რას აკეთებს, ვის უთვალთვალებს? თუ აგენტურის გამოვლენაზე მუშაობს, ეს უშიშროების სამსახურის საქმეა ისედაც, ამისთვის მას არ სჭირდება სპეცილური შტატი ჰქონდეს. უსაფრთხოების სამსახურს ინსტრუქცია ისედაც აქვს, რომ აგენტურული საქმიანობა გამოავლინოს. ფინანსთა, ენერგეტიკის ან განათლების სამინისტროებში რომ არ ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, ისე ვერ იმუშავებენ?
წარმატებული იქნება თუ არა შსს-ს რეფორმირება, თუ მაინც შენარჩუნდება “ოდეერის ინსტიტუტი”?
მე პირადად ძალიან კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, რომ “ოდეერის” ინსტიტუტი არის ტიპური ტოტალიტარული რეჟიმის გადმონაშთი, რომელიც შეგნებულად არ გააუქმა არც ერთმა ხელისუფლებამ. სახელიც კი ძველი, ტოტალიტარული სისტემის ჰქვია. “ოდეერს” (ОДР – офицер действующего резерва) როცა ამბობენ, ამ დასახელებით აღარ არის ეს სტრუქტურა, მაგრამ რეალურად ის არსებობს ყველგან.
ამ ინსტიტუტის რაიმენაირი მოდიფიკაციით შენარჩუნებაზე საერთოდ არ უნდა იყოს ლაპარაკი. სირცხვილიც კია, რომ არსებობს.
შსს საუბრობს, რომ რეფორმირების შემდეგ ისინი იქნებიან იმ სტრუქტურებში, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა განლაგებული და ზედამხედველობას გაუწევს იქ არსებულ ინფრასტრუქტურას.
ისე არ უნდა ზედამხედველობა? ამისთვის დაწესებულებაში უნდა იყოს უშიშროების ოფიცერი. არანაირი სხვა დანიშნულება, გარდა საკუთარი მოქალაქეების, ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ადამიანების პოლიტიკური კონტროლისა, ამ ინსტიტუტს არასდროს ჰქონია. ყოველთვის ეს ფუქნცია ჰქონდა, რომ მერე მოეხსენებინა, ვინ არის საიმედო და ვინ არის არასაიმედო. ვერ ექნება სხვა ფუნქცია. ან უნდა იყოს სრული ფორმალობა, ან უნდა იყოს იქ დასაქმებული ადამიანების პოლიტიკური კონტროლის საშუალება. ამიტომ ეს არის აუცილებლად გასაუქმებელი.
ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, რომ უნდა გაუქმებულიყო “ოდეერის ინსტიტუტი”. თუმცა ასე არ მოხდა
ძალოვანი უწყებები ასეთ ცვლილებებს, ფუნქციების ჩამორთმევას, ხალისით ვერ ღებულობენ, მაგრამ ალბათ იქნება მსჯელობა და იმედს გამოვთქვამ, რომ მივა ხელისუფლება იმ დასკვნამდე, რომ უნდა გაუქმდეს.
თუ გვინდა დემოკრატიული საზოგადოება ავაშენოთ, ასეთი სტრუქტურა, რომელიც წარმოადგენს უშიშროების პოლიტიკური კონტროლის საშუალებას, არ უნდა არსებობდეს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქალაქეების პოლიტიკური კონტროლის საშუალება მთავრობისგან მოდის?
ეს ყოველვის ასე იყო. აბა, ვის ინტერესებში უნდა შედიოდეს. ხელისუფლების იყო ყოველთვის ეს ინსტიტუტი.
მინისტრის მოადგილემ დღეს ისაუბრა, რომ სხვა ქვეყნებშიც არსებობს შსს-ს წარდგენილი კადრები სხვა დაწესებულებებში, იმის მსგავსი, როგორიც “ოდეერია’.
არსად არ არსებობს. შეიძლება ჩრდილოეთ კორეაში არსებობს, სხვაგან მე არ ვიცი არსად. არათუ არ არის, არც შეიძლება, რომ იყოს.