ხვალიდნელი ღონისძიების გამო მოძრაობა შეიზღუდება – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იუწყება, რომ 14 დეკემბერს საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი ღონისძიების გამო თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

13 დეკემბრის 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალა თავისუფლების მოედანზე. შესაბამისად, ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ 14 დეკემბერსაც. კერძოდ:

ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადი იმოძრავებს რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით, რუსთაველის გამზირის მიმართულებით;

დიდი ზომის ტრანსპორტისთვის გადაადგილება აიკრძალა ვახტანგ გორგასლის მოედანზე. მსუბუქი ავტომანქანები კი იმოძრავებენ კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გავლენ;

ლადო ასათიანის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა დადიანის ქუჩაზე. შესაბამისად, ავტომანქანები იმოძრავებენ ოვანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით;

მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები მობრუნდებიან ყოფილი ფოსტის შენობასთან და გადაადგილებას გააგრძელებენ ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით. 14 დეკემბრის 11:00 საათიდან მოძრაობა იკრძალება:

რესპუბლიკის მოედანზე, შესაბამისად, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება მერაბ კოსტავას ქუჩის და ელბაქიძის დაღმართის გავლით, მტკვრის ორივე სანაპიროსა და ჩუღურეთის მიმართულებით;

რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, 9 აპრილის, ზაქარია ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის და ანტონ ფურცელაძის ქუჩებზე;

თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩაზე (ბარათაშვილის ხიდამდე), ასევე, თავისუფლების მოედნის მიმდებარე – გიორგი ლეონიძის, შალვა დადიანის და კოტე აფხაზის ქუჩებზე. ისნიდან მომავალი ტრანსპორტის ნაკადი სვლას გააგრძელებს ორივე სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა და მარცხენა პანდუსის გავლით;

ევროპის მოედანზე, შესაბამისად, დაიკეტება მეტეხის ხიდი, ევროპის მოედანზე გამავალი ყველა ქუჩა, მათ შორის მეტეხის ქუჩა, ღვინის აღმართი და დუტუ მეგრელის ქუჩა;

ორბელიანის მოედანსა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე, ელბაქიძის დაღმართამდე. მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე. ზემოაღნიშნული აკრძალვის პერიოდში, ავტომანქანებს თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ ორივე სანაპიროზე, ვასილ პეტრიაშვილის, თამარ ჭოველიძის და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე. სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას მიიღებენ. მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება ღონისძიების დასრულებისთანავე.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერები ხვალ, 14 დეკემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავენ.

პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ჩაკვეტაძის ანონსის მიხედვით, “ქართული ოცნების” მიერ 14 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, “ქართული ოცნების” საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ “ქართული ოცნების” აქციაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას.

არასამთავრობო სექტორისა და ომბუდსმენის ინფორმაციით, მმართველ პარტიას რეგიონებიდან საჯარო უწყებებში დასაქმებული ადამიანებიც მოჰყავს. რიგ შემთხვევებში კი ხორციელდება სავარაუდო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა და იძულება.

გარეკანის ფოტოზე: „ოცნების“ მხარდამჭერების აქცია 3 დეკემბერს, რომელზეც, ორგანიზატორების თანახმად, ევროსაბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევა აღინიშნებოდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com