ვაშაძისა და კუპრაძის სასამართლო პროცესი გადაიდო

ტელეკომპანია “მთავარის” ინფორმაციით, 12 დეკემბერს პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაკავებული გიორგი ვაშაძისა და ირაკლი კუპრაძის სასამართლო პროცესი 17 დეკემბრამდე გადაიდო. მათ და კიდევ დაკავებულ 14 პირს ბრალი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაში ედებათ.

“მთავარის” ინფორმაციით, დაცვის მხარემ დღეს პროცესზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებთან (პოლიციის დაუმორჩილებლობა) დაკავშირებით იშუამდგომლა და მოსამართლე ფილიშვილს განუმარტა, რომ მუხლი იყო არაკონსტიტუციური. შუამდგომლობის დაყენების შემდეგ კი საქმის მოსამართლემ, ვალერიან ფილიშვილმა მოითხოვა ერთი კვირის ვადა, რათა საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაერკვია დეტალები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მათთვის 166-ე და 173-ე მუხლების წარდგენა არის პოლიტიკური პროცესი და არ გააჩნია სამართლებრივი და მორალური საფუძვლები:

“თავის მხრივ ფაქტობრივი მოცემულობაა ის, რომ საბჭოთა დროს მიღებული კანონმდებლობით, დღეს ქართული ოცნება ხელმძღვანელობს, აკავებს ადამიანებს და მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს გამოიყენოს პოლიტიკური ზეწოლებისთვის და რეპრესიებისთვის”, – განაცხადა კუპრაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, მან ნებართვა აიღო, რომ არ იაროს სასამართლო პროცესებზე:

“ძალიან ბევრი საქმე მაქვს, მათ შორის ამ რეჟიმის საწინააღმდეგო მტკიცებულებების მოგროვება”, – განმარტა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე, ირაკლი კუპრაძე და კიდევ 14 ადამიანი დააკავეს 12 დეკემბერს, პარლამენტთან აქციის მსვლელობისას. ყველა მათგანის სასამართლო პროცესი გუშინ დაიწყო, თუმცა მათგან 10 პირის პროცესი დღეისთვის, ხოლო 6 პირის 24 დეკემბრისთვის გადაიდო.

პარლამენტთან დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი