პარლამენტთან დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო

საქალაქო სასამართლოში დღეს, 12 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 16 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. როგორც ნეტგაზეთს სასამართლოს პრესსამსახურში უთხრეს, 10 დაკავებულის პროცესი ხვალ, 13 დეკემბერს გაიმართება. დანარჩენების პროცესი კი 24 დეკემბრისთვის გადაიდო.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ყველა დაკავებული თავისუფალია. ადმინისტრაციული წესით დაკავებულების საქმეებს მოსამართლეები, ვალერიან ფილიშვილი და ნათია მერაბიშვილი განიხილავენ.
დღეს, 12 დეკემბერს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე შსს-მ ადმინისტრაციული წესით სულ 16 პირი დააკავა. მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე და მოძრაობა “ლელოს” წევრი ირაკლი კუპრაძე.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ვაშაძემ ჟურნალისტებს უთხრა მის საქმეს მოსამართლე ხვალ განიხილავს.
“სრულიად უკანონო იყო პოლიციის ქმედება. არა მარტო ჩემს, არამედ ყველა დაკავებულის მიმართ. შეგიძლიათ კადრებიშიც ნახოთ, რომ პოლიციას კანონის დაცვისკენ მოვუწოდებდი. როგორვ ჩანს, დილის შვიდი საათიდან იყო ჩემი დაკავების მითითება მიცემული, თუმცა მთავარია, რომ დაკავების მიუხედავად ჩვენი მშვიდობიან პროტესტი გრძელდება”,-ამბობს ვაშაძე.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.