ახალი ამბები

ირლანდიასა და ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს – შსს

13 დეკემბერი, 2019 • 1058
ირლანდიასა და ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა, ირლანდიელმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, დუბლინსა და ბარსელონაში ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციისას, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სპეცოპერაცია „ნანდი-მომბასას“ შედეგად, ირლანდიის ქალაქ დუბლინში დაკავებული არიან: 1972 წელს დაბადებული ვ.ჯ, 1974 წელს დაბადებული ს.გ. და 1997 წელს დაბადებული თ.ბ.  ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში კი – 1980 წელს დაბადებული დ.მ. და 1972 წელს დაბადებული მ.მ.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ყალბი საბუთების შეძენა-შენახვა-დამზადება და უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა. საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის ესპანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულია 8 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს  დიდი ოდენობით პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები დუბლინიდან ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში პერიოდულად აგზავნიდნენ ამანათებს (პირადობის დამადასტურებელ ყალბ საბუთებს), რომლებსაც საქართველოს ასეულობით მოქალაქე ირლანდიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში გადაადგილების მიზნით იყენებდა.

ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ გამოძიება 2018 წლის ზაფხულში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ესპანეთის სამეფოში დააკავეს საქართველოს არაერთი მოქალაქე, რომლებიც ირლანდიაში გადასვლას გაყალბებული საბუთებით ცდილობდნენ. გამოძიების ფარგლებში მოხდა დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერების იდენტიფიცირება, გამოვლინდნენ ლიეტუვასა და სლოვაკეთში მოქმედი გაყალბებული დოკუმენტებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეები.

სპეცოპერაცია „ნანდი-მომბასას“ შედეგად დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქის მიმართ გამოძიება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი