ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები სოხუმში მკვლელობის ვერსიებში

13 დეკემბერი, 2019 • 3592
ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები სოხუმში მკვლელობის ვერსიებში

ანონიმი ავტორი


სოხუმში კრიმინალური ავტორიტეტების მკვლელობის საქმე გახსნილი ჯერ არ არის, თუმცა აფხაზურ საზოგადოებაში მკვლელობის რამდენიმე ვერსია გავრცელდა, მათ შორის გაიჟღერა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების სახელებმაც.

2019 წლის 22 ნოემბერს აფხაზეთში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტების, ე.წ. კანონიერი ქურდების ნათესავებმა შს მინისტრს 2 დეკემბერს თანამდებობა დაატოვებინეს.  ხელისუფლებისგან კი სამართალდამცველი ორგანოების უფრო ეფექტური ხელმძღვანელობის დანიშვნა მოითხოვეს.  

2 დეკემბრის აქცია სოხუმში შს დე ფაქტო მინისტრის გადადგომის მოთხოვნით; ფოტო: ნეტგაზეთი

აფხაზეთსა და დონბასში ცნობილი მებრძოლის, ალხაზ ავიძბას ნათესავის, დაჯგუფება “პიატნაშკას” ლიდერის, ახრა ავიძბას მტკიცებით, ყოფილი შს მინისტრი გარი არშბა და მისი მოადგილე ყაზბეგ კიშმახოვი – სოხუმში კრიმინალური ავტორიტეტების, ავიძბასა და შამბას მკვლელობის თანამონაწილეები არიან.

“ასეა თუ ისე, ჩვენი შს მინისტრი არშბა ჩვენი ძმების მკვლელობის თანამონაწილეა”, – აცხადებდა მიტინგის დროს ახრა ავიძბა.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორის თქმით, სამართალდამცველი ორგანოები, კონკრეტულად კი ის ადამიანები, ვინც სათავეში უდგას გენერალურ პროკურატურას და შსს-ს, კრიმინალის გამწვავებაში დამნაშავენი არიან. 

“დონეცკში ომში ერთი პისტოლეტით დავდივარ. აქ, ჩემს მიწა-წყალზე კი იძულებული ვარ, ავტომატებით შეიარაღებული დაცვით ვიარო”, – ამბობდა მიტინგის დროს ახრა ავიძბა. 

მისივე მონაყოლით, აფხაზეთში თავს დაცულად არ გრძნობს, ვინაიდან მნიშვნელოვან სამართალდამცველ უწყებებს კრიმინალთან მჭიდრო კავშირში მყოფი ადამიანები მართავენ.

“ჩვენი ძმების დასაფლავების შემდეგ ბიჭებთან ერთად მაშინვე პრეზიდენტთან მოვედით და მინისტრის პოსტიდან ჩამოშორება მოვითხოვეთ, ვინაიდან ვიცით, ის თანამონაწილეა, თუმცა ჩვენს შემდეგ მასთან მერაბ ქიშმარია, თავდაცვის მინისტრი მივიდა, რომელმაც საკუთარი მანქანით სოხუმში ქართველი ქურდები მოიყვანა და არშბას მინისტრად დატოვება ითხოვა. პრეზიდენტმა ყოყმანი დაიწყო. ჩვენ ქუჩაში გამოვედით, რათა დავხმარებოდით და საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულიყო, რომ ქვეყანას ეს მინისტრი ჩამოაშოროს”, –  განაცხადა შეიარაღებული თანამებრძოლების გარემოცვაში მდგარმა ავიძბამ ღიად, კამერების წინაშე.

ავიძბა ირწმუნება, რომ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და აფხაზეთის ხელისუფლების წევრებს შორის მჭიდრო კავშირებია. 

აფხაზეთში კრიმინალურ წრეებში დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გავლენების გადანაწილების პროცესი, ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ აფხაზეთში დიდი თუ პატარა საუბრობდა. ერთ მხარეს იდგნენ გუდაუთელი ავტორიტეტები, ალხას ავიძბა და ასტამურ შამბა, მეორე მხარეს კი-  სოხუმელები კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებიც ცნობილ კანონიერ ქურდთან, მერაბ ჯანგველაძესთან [მეტსახელი “სოხუმსკი”] არიან დაკავშირებული. ერთ-ერთი ვერსიით, სოხუმის ქუჩებში მკვლელობა სწორედ მათი დაპირისპირების შედეგია. 

სოხუმში მკვლელობის მეორე ვერსია ასეთია: კანონიერ ქურდებს პრეტენზიები გაუჩნდათ რუსული ეკონომიკური დახმარების საინვესტიციო პროგრამიდან მიღებულ წილებზე. ისინი საკუთარ პროცენტს იღებდნენ რიწის ნაკრძალიდან, ახალი ათონის მღვიმიდან და “გალის საერთოს” [ობშიაკის] გაყოფაზეც აცხადებდნენ პრეტენზიებს. შესაბამისად, სახელმწიფო ფულისგან ჩამოშორების მიზნით, ერთ-ერთი ვერსიით, მათი ლიკვიდაცია მოხდა. 

მესამე ვერსია: ავიძბა და შამბა ხელს უშლიდნენ ნარკოტიკის შემოტანაში ქიამალ არძინბას, აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ძმისშვილს, ცნობილ ავტორიტეტს. 

თუმცა დავუბრუნდეთ ორშაბათის მოვლენებს. სანამ პროტესტის მონაწილეები საუბრობდნენ საკუთარი გეგმების შესახებ, “მინისტრი შსს-ს შენობიდან, საკუთარი სავარძლიდან გამოეთრიათ”,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარი არშბა მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებულია. 

ამასთან, დეპუტატები აღშფოთებული იყვნენ საპროტესტო აქციით, რომელიც პარლამენტთან მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გაიმართა: 

“ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ბრძანება ჯერ კიდევ დილით ადრე იყო ხელმოწერილი. დღეს კი, ქუჩაში გამოსულებს, სურთ აჩვენონ, რომ ხელისუფლებაზე გავლენა აქვთ. ესაა აქციის მთელი მიზანი”, – ამბობს პარლამენტის დეპუტატი ილია გუნია. 

ბრძანება შს მინისტრის გათავისუფლებაზე დილითვე რომ ყოფილიყო ხელმოწერილი, შს სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსასახურები ჟურნალისტებთან საუბარში ვერ დამალავდნენ ინფორმაციას მინისტრის დათხოვნასთან დაკავშირებით.  

ორშაბათის საპროტესტო აქციის შესახებ კომენტარის დროს მათ ამ პროცესს ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობა უწოდეს. საღამოსკენ კი გაავრცელეს ინფორმაცია მინისტრის დათხოვნაზე, როგორც ჯერ კიდევ წინა კვირას მიღებულ გადაწყვეტილებაზე. 

მინისტრის გადადგომიდან მეორე დილითვე ცნობილი გახდა, რომ შსს-ს მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, კიშმახოვმა გარკვეული ინფორმაცია გაახმიანა.

მისი ინფორმაციით, კანონიერი ქურდების მკვლელობის შემკვეთი ქიამალ არძინბაა, რომელმაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, 4 დეკემბერს აფხაზეთის ტერიტორია დატოვა. 

ასევე, გამოძიების მიერ ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციით [არც უარყვიათ], არსებობს სატელეფონო ჩანაწერები, რომელიც მოწმობს, რომ სროლის შედეგად დაღუპული კაფეს ოფიციანტი დომინიკა აქირთავა დანაშაულის თანამონაწილე იყო – სწორედ მან მისცა მკვლელებს ინფორმაცია, რომ ავიძბა და შამბა ადგილზე იმყოფებოდნენ. 

ადგილი, სადაც მკვლელობა მოხდა სოხუმში, ლეონის ქუჩის ბოლოა. ეს არის ცენტრალური ქუჩა, რომელიც სანაპიროს და, შესაბამისად, იმ კაფეს უერთდება, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდები მოკლეს. ლაკობას ქუჩის გადაკვეთასთან ჩიხია. დაპარკინგებული ავტომობილების გამო მოძრაობა ყოველთვის გადატვირთულია, შესაბამისად – იქ მანქანით სწრაფად შესვლა და გამოსვლა შეუძლებელია. ამიტომაც აშკარაა, რომ მკვლელებს თანამზრახველები ჰყავდათ. 

სოხუმი, ღია კაფე, სადაც მკვლელობა მოხდა; ფოტო: ნეტაგზეთი

“მილიციის თანამშრომელთა დახმარების გარეშე ამ მკვლელობის ორგანიზება შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ ამიტომ და კიდევ სხვა მიზეზების გამო, დარწმუნებული ვართ, რომ მინისტრიც და მისი მოადგილეც ამ საქმის თანმზრახველები არიან.  

როდესაც ხელისუფლებაში კრიმინალური ავტორიტეტების მიერ მხარდაჭერილი ადამიანები მოდიან, მოქალაქეები კი მხარს უჭერენ ადამიანებს, ვინც აშკარად კრიმინალთან არიან კავშირში, ჩვენ აღარ უნდა გვიკვირდეს ის, რაც ხდება აფხაზეთში. ყველაფერი აირია. ქურდები ითხოვენ, რომ მილიციამ იმუშაოს შესაბამისად, მილიცია მკვლელობებში მონაწილეობს, ხელისუფლება ხან ერთს აფარებს ხელს და ხან მეორეს, გააჩნია, ვინ მფარველობს იმ მომენტში – და ეს ყველაფერი ჩვენი ყოველდღიურობა გახდა, ის რეალობა, რომელიც დავიმსახურეთ, რადგან არჩევნებზე ხმის მიცემის დროს, პირველ რიგში, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ”, – ამბობს პოლიტოლოგი ალხას თხაგუშევი. 

პროტესტის მონაწილეებმა სამინისტროსთან ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცეს, ახალი შს მინისტრის დანიშვნისას შს თანამშრომლებსა და ვეტერან მილიციელებს დაეკითხონ.

4 დეკემბერს შს მინისტრად რაულ სმირი დანიშნეს, ეს ხაჯიმბას მეექვსე წლის პრეზიდენტობისას მეექვსე შს მინისტრია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი