ახალი ამბები

მათიც მადლიერი ვარ, ვინც ზომიერების ფარგლებში გვაკრიტიკებდა – გიორგი მიქაუტაძე

12 დეკემბერი, 2019 • 1163
მათიც მადლიერი ვარ, ვინც ზომიერების ფარგლებში გვაკრიტიკებდა – გიორგი მიქაუტაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე არ აკონკრეტებს, გახდება თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ყოფილი მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე, რომელიც დღეს უზენესი სასამართლოში უვადოდ დაინიშნა.

“ეს მომდევნო პროცესია და ამაზე მე დღეს კომენტარს ვერ გავაკეთებ. ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ყველა მოსამართლეს აქვს ამის რესურსი თეორიულად”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

გიორგი მიქაუტაძე იმ 14 მოსამართლეს შორისაა, ვინც პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.

“მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტს; იმ ადამიანებს, ვინც გვამხნევებდა და გვერდში გვედგა ამ პროცესში. მინდა, მივულოცო ჩემს ახალგამწესებულ კოლეგებს ეს დიდი წარმატება. ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას ისე, როგორც ამას დღემდე ვაკეთებდი. მადლობა ასევე იმათ, ვინც გვაკრიტიკებდა, იმიტომ, რომ ჩემთვის ერთგვარი სტიმულია ეს და გვაიძულებს, უფრო მხნედ ვიყოთ და კარგად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ამიტომ მე მათიც მადლიერი ვარ, ვინც ზომიერების ფარგლებში აკრიტიკებს ამ პროცესებს, თუმცა ზღვარგადასული ყველაფერი მიუღებელია”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სასამართლო სისტემაში არანაირი “კლანი” არ არსებობს.

პარლამენტმა 12 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე უვადოდ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატი, რომელთაც რეკომენდაცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გაუწია.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა

მასალების გადაბეჭდვის წესი