სამართალი

საქართველომ სტრასბურგში წააგო გახმაურებული საქმე, რომელშიც ცნობილი მოსამართლე ფიგურირებს

29 აგვისტო, 2024 •
საქართველომ სტრასბურგში წააგო გახმაურებული საქმე, რომელშიც ცნობილი მოსამართლე ფიგურირებს

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის საქმეზე საქართველოს დარღვევა დაუდგინა და მოსარჩელეებისთვის 1000-1000 ევროს გადახდა, გაწეული სამართლებრივი ხარჯებისთვის კი 3 000 ევროს კომპენსირება დააკისრა.

საუბარია 2016 წელს გონიოს პლაჟზე მომხდარი ინციდენტის საქმეზე. კერძოდ, მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძე აცხადებდა, რომ მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ მისი არასრულწლოვანი შვილი სცემა, აღნიშნულ საქმეზე გამოძიებაც დაიწყო.

პარალელურად პოლიციაში მოსამართლე მიქაუტაძემაც იჩივლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარე აცხადებდა, რომ თამარ ხაჭაპურიძემ და მისმა ქმარმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. იმავე დღეს პროკურატურამ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და ბავშვის მშობლები დააკავეს მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის ბრალდებით.

ხელვაჩაურის სასამართლომ ცოლ-ქმარი დამნაშავედ ცნო ხულიგნობის ბრალდებით და 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. ამ საქმეზე განაჩენი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა, რომელიც ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა, ისე მიიღო, რომ მას დაცვის მხარეს არცერთი მოწმისთვის არ მოუსმენია.

მოსამართლე მიქუტაძისთვის პროკურატურას ბრალი არ წარუდგენია.

არასრულწლოვანის მშობლები სტრასბურგის სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლით დაობდნენ, ერთ-ერთი სწორედ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის დადგენა იყო.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ ადგილობრივმა სასამართლოებმა ვერ დაასაბუთეს თუ რატომ არ მოხდა დაცვის მხარის მოწმის სახით სასამართლოში არასრულწლოვანის გამოკითხვა, რომლის მშობლებიც აცხადებდნენ, რომ მოსამართლე მიქაუტაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს თქმით, ქართულმა მართლმსაჯულების უწყებებმა არ გადადგეს სათანადო ნაბიჯები, რათა უზრუნველეყოთ მოწმეთა ნაწილის სასამართლო პროცესზე გამოკითხვა მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, საქართველოში ტურისტად იმყოფებოდნენ და ქვეყანას მალე დატოვებდნენ.

შედეგად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა მოსარჩელეთა პროცესუალური უფლებები, რამაც მთლიანად პროცესის სამართლიანობა დააყენა ეჭვქვეშ და კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა.

აღნიშნულ საქმეზე თამარ ხაჭაპურიძის შვილმა, დავით ხაჩიძემ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მეორე სარჩელითაც მიმართა, სადაც კონვენციის მე-3 (წამება) და მე-8 მუხლის (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) დარღვევაზე დაობდა და აცხადებდა, რომ მის დაზიანებებთან დაკავშირებით გამოძიება ეფექტიანი არ ყოფილა.

ამ ნაწილში სარჩელი ევროპულმა სასამართლომ დასაშვებად არ ცნო, რამდენადაც მიიჩნია რომ მას დასაბუთება აკლდა. კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება კონკრეტულ შედეგამდე არ მისულა, მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოება, რომ გამოძიებასთან არც თავად თანამშრომლობდა.

გიორგი მიქაუტაძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ე.წ. კლანის ერთ-ერთ ლიდერად მოიხსენიებს. თავად ეს მოსამართლეები სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფის არსებობას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი