ნეტგაზეთი | საპროტესტო ხსნარი უვნებელი და უსაფრთხოა – “ქვეყნის სამსახურში” საპროტესტო ხსნარი უვნებელი და უსაფრთხოა – “ქვეყნის სამსახურში” – Netgazeti
RU | GE  

საპროტესტო ხსნარი უვნებელი და უსაფრთხოა – “ქვეყნის სამსახურში”

მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” აცხადებს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოიყენეს სამედიცინო დანიშნულების ნივთიერება ACD – 2F.

“საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში”, – წერს “ქვეყნის სამსახურში” ფეისბუკზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ ინციდენტი შეაფასა პარლამენტზე “ქიმიურ შეტევად”.

პარლამენტის სესიის მიმდინარეობისას უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ სხდომაზე ტექნიკური შესვენების გამოცხადება მოითხოვა. მისი თქმით, სასესიო დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებმა უსიამოვნო სუნის სითხე დაღვარეს. ამის შემდეგ შესვენება გამოცხადდა. პარლამენტში სამედიცინო დახმარება რამდენიმე ადამიანს დასჭირდა, მათ შორის, დეპუტატ ენძელა მაჭავარიანს.

მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის განმარტებით, პასუხისმგებლობა სისტემის “აყროლებაზე” მან უნდა აიღოს, ვინც სისტემაშია. ის არ ურყოფს, რომ ისინი პარლამენტში უსიამოვნო სუნის გაშვებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდნენ:

“რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, უშუალო აღმასრულებლები ჩვენ ვერ ვიქნებით, რადგან პარლამენტში არ ვართ”, – ამბობს დიღმელაშვილი.

“ნეგაზეთთან” საუბრისას დიღმელაშვილმა აღნიშნა, რომ “სირცხვილია” არ გათქვამს მათ ვინაობას, ვინც სასესიო დარბაზში ამ ეტაპზე გაურკვეველი სახის ნივთიერება შეიტანა, რამაც პარლამენტის სხდომის დროებითი შეწყვეტა გამოიწვია.

არ გავთქვამთ, ვინ გააკეთა – დიღმელაშვილი პარლამენტში გაშვებულ სუნზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.