ახალი ამბები

„ეს არ არის კონტრაქცია, ეს არის კონტრკარავი“ – შაკო კუჭაშვილი

10 დეკემბერი, 2019 • 4265
„ეს არ არის კონტრაქცია, ეს არის კონტრკარავი“ – შაკო კუჭაშვილი

„ეს არ არის კონტრაქცია… ეს არის კონტრკარავი“, — ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში შაკო კუჭაშვილი, პარლამენტთან ოპოზიციის წინააღმდეგ კარვების დადგმის ერთ-ერთი ინიციატორი.

დღეს, 10 დეკემბერს, ახლად შექმნილმა ორგანიზაციამ, სახელად „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“, პარლამენტთან კარავი გაშალა ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს ორგანიზაცია გუშინ, 9 დეკემბერს დაფუძნდა. როგორც ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, მისი შექმნის მიზანი ოპოზიციის მონაწილეობით გამართული აქციებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა.

საღამოს მათ მეორე კარავიც გაშალეს, თავდაპირველად მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის ახლოს,  სადაც განთავსებულია ბანერი თემირლან მაჩალიკაშვილის ფოტოთი და მისი საქმის გამოძიების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა: „მე არავისთვის დამიშლია კარვის გაშლა… დადგამენ თუ არ დადგამენ, ჩემი საქმე არ არის. ერთადერთი, წინააღმდეგობა იმაში გავუწიე, — და მომავალშიც გავუწევ, თუ საჭირო იქნა მეტსაც გავაკეთებ, —  რომ კარავი ბანერის წინ არ გაეშალათ. არც ეს, ის ბრაგადა და არც არავინ საქართველოში, ხელისუფლებიდანაც კი, იმ ბანერის წინ კარავს არ გაშლის. მაგის უფლებას არავის მივცემ“.

მისი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გადის და დღევანდელ ხელისუფლებას ამაზე პასუხი დღემდე არ აქვს, რის გამოც „ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, ვახა მაჩალიკაშვილს მოუწყონ პროვოკაცია, გამოიყვანონ მდგომარეობიდან, აიძულონ, ვიღაცაზე ხელი აწიოს. ეს არ იქნება. ვახას წყობიდან ვერავინ გამოიყვანს“.

საბოლოოდ, სიტყვირი დაპირისპირებისა და გაწევ-გამოწევის შემდეგ, „შევინარჩუნოთ სიცოცხლის“ წარმოადგენლებმა თავიანთი კარავი სულ ოდნავ მოშორებით გაიტანეს.

ამჟამად, 10 დეკემბრის საღამოს, პარლამენტთან ასეთი ვითარებაა:

  • „შევინარჩულოთ სიცოცხლეს“ გაშლილი აქვს ორი კარავი პარლამენტის წინ, მარცხენა მხარეს, სადაც ორგანიზაციის წევრი და მხარდამჭერი 10-მდე ადამიანი იმყოფება;
  • იქვე ახლოს არის თემირლან მაჩალიკაშვილისა და ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის კარვები;
  • გაშლილია დემონსტრანტების, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების, კარვები;
  • ამასთან, გაშლილია ცოტა ხნის წინ განახლებული „თავისუფლების ინსტიტუტის“ დიდი კარავი;

„კონტრკარავი“

ორგანიზაციის წევრი შაკო კუჭაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში დღეს გაშლილი კარვების შესახებ ამბობს: „ეს არ არის კონტრაქცია, ეს არის გამოხატვის თავისუფლება… კონტრაქცია ცოტა ისეთი ტერმინია… ამ ტერმინით ჩვენს გამარგინალებას ცდილობენ, მაგრამ არ გამოუვათ. კონტრაქცია რომ გვინდოდეს, მოვაწყობდით კონტრაქციას და აქ მოვყრიდით [ხალხს], როგორც სააკაშვილი აკეთებდა“.

„ეს არის კონტრკარავი და ბევრი იქნება კონტრკარავი. თუ იქნება კარვების ომი, დიახ, ჩვენ ვიომებთ კარვებით და არა ძალადობრივად“, — ამბობს იგი.

შაკო კუჭაშვილის თქმით, თუკი დემონსტრანტები პარლამენტის პიკეტირებას დაიწყებენ, ის პოლიციას დაეხმარება:

„პიკეტს შევუშლი ხელს, რა თქმა უნდა. ჩვენ ვართ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის მომხრე, კონსტიტუციური წესწყობილება ამბობს, რომ პარლამენტის პიკეტირება არის დასჯადი ქმედება და კანონმდებლობით აკრძალული და, შესაბამისად, ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად… ვთვლით, რომ პოლიციას დახმარება არ სჭირდება, მაგრამ საზოგადოების აზრიც რომ იყოს იქ, ჩვენ პიკეტს შევუშლით ხელს“.

„მინდა, რომ ეს პროტესტი იყოს მშვიდობიანი და როგორმე ხელი არ შევუწყოთ რამენაირად სიტუაციის ესკალაციას. ამას ვცდილობთ აქ და სხვას არაფერს. იმას ვეწინააღმდეგებით, რომ ქვეყნის სტაბილურობას ვიღაცები საფრთხის ქვეშ აგდებენ და, შესაბამისად, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვიქნებით ამ სტაბილურობის დამრღვევები“, – ამბობს ის.

როგორც მან „ნეტგაზეთს“ უთხრა, აქტივიზმში ჩაერთო 2018 წლის გაზაფხულზე, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციებიდან:

„აქტივიზმში მოვხვდი ჯერ ზაზა სარალიძის აქციებიდან. შემდეგ, ჯერ კიდევ ზაზა სარალიძის აქციებისას, პოლიტიკოსებთან, კერძოდ ზვიად კუპრავასთან, მომივიდა უთანხმოება, გავემიჯნე და შემდეგ სალომე ზურაბიშვილის არჩევნებშიც აქტიურად ვმონაწილეობდი ზურაბიშვილის მხარეს. ვიყავი მოძრაობის „არა ნაცებს“ წევრი…”

მასალების გადაბეჭდვის წესი