ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბურჯანაძე ირწმუნება, რომ გაფრინდაშვილს ყველაზე გვიან 13 დეკემბერს გაათავისუფლებენ

10 დეკემბერი, 2019 • 1623
ბურჯანაძე ირწმუნება, რომ გაფრინდაშვილს ყველაზე გვიან 13 დეკემბერს გაათავისუფლებენ

palitra news-თან  საუბარში “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ  განაცხადა, რომ ცხინვალის ციხეში მყოფ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ყველაზე გვიან პარასკევს, 13 დეკემბერს გაათავისუფლებენ.

“მე ვარ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ სასამართლო პროცესზე  მას გაათავისუფლებენ”, – აცხადებს ბურჯანაძე.

რუსული მედიის ცნობით,  მოსკოვში მყოფმა ქართული ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელს, კონსტანტინ კოსაჩოვს, დახმარება სთხოვა სამხრეთ ოსეთში დაპატიმრებული ქართველი ექიმის გათავისუფლების საკითხში.

ბურჯანაძემ რუსეთს გაფრინდაშვილის საკითხზე დახმარება სთხოვა – რუსული მედია

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

19 ნოემბერს ცხინვალის КГБ-მ [უშიშროების სამსახური] გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ქართული მხარე, მათ შორის გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი კოლეგები.

ქართული მხარე კვლავაც ირწმუნება, რომ ექიმის გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი