ახალი ამბები

დღეს განსხვავება იმაშია, რომ არ არის ისეთი სამი ლიდერი, როგორიც მაშინ იყო – ბურჯანაძე

23 ნოემბერი, 2021 • 2850
დღეს განსხვავება იმაშია, რომ არ არის ისეთი სამი ლიდერი, როგორიც მაშინ იყო – ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, დღევანდელ მდგომარეობას ის განასხვავებს 2003 წლის ვარდების რევოლუციამდელი ვითარებისგან, რომ დღეს არ არის ისეთი სამი პოლიტიკური ლიდერი, როგორიც ვარდების რევოლუციის დროს იყო. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს ყველაფრის განმეორება შეუძლებელია და ყველაფერი დამოკიდებულია  იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

„ვითარება არის ის, რომ ხალხს აღარ უნდა ასე ცხოვრება და ხელისუფლებას არაფრის შეცვლა და უკეთესის შეთავაზება არ შეუძლია. [დღეს] განსხვავება არის იმაში, რომ არ არის ის სამი ლიდერი[მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ჟვანია], რომელიც იყო მაშინ, ან ისეთი სამი ლიდერი, როგორიც იყო მაშინ. ნურავინ ნუ მიწყენს, მაგრამ ჩვენ ვახერხებდით იმას, რომ ძალიან ხშირი კამათის, ხშირი განსხვავებული შეხედულების მიუხედავად, შევქმენით ერთობა, ერთიანობა, რომელსაც მხარს უჭერდა სხვა პოლიტიკური ძალებიც. ჩვენ სხვა პოლიტიკური ძალებისთვის იგნორირება არ გაგვიკეთებია.

პრაქტიკულად, მთელი ოპოზიცია, გარდა შევარდნაძის და ასლან აბაშიძის მომხრეებისა, იყო ერთ მხარეს, ვარდების რევოლუციის მხარეს. ჩვენ ძალიან კოორდინირებულად და გამბედავად ვმოქმედებდით.  ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ შორის სააკაშვილის პოზიციაც… [ახლა], ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები. ყველაფრის განმეორება შეუძლებელია, ბოლო-ბოლო ბურჯანაძე აღარ არის პარლამენტის თავმჯდომარე, ვერ გამოაცხადებს, რომ თავის თავზე იღებს რამეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი