ახალი ამბები

კობახიძე ევროპარლამენტარებს არ ეთანხმება, რომ დარბევისას დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან

9 დეკემბერი, 2019 • 1253
კობახიძე ევროპარლამენტარებს არ ეთანხმება, რომ დარბევისას დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმ ევროპარლამენტარებს პასუხობს, რომლებიც “ქართულ ოცნებას” პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

კობახიძე ირწმუნება, რომ 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებული პირები პოლიტიკური ნიშნით არ იდევნებიან, მეტიც, მისი აზრით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში საკანონმდებლო ორგანოში შეჭრის მცდელობაზე, ასე პასუხი იქნებოდა.

“დაახლოებით ექვის თვის წინ ყველამ კარგად ვიხილეთ პარლამენტში შეჭრის მცდელობა. წარმოგიდგენიათ ასეთი რამ რომ მოხდეს რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, აშშ-ს კაპიტოლიუმში რომ სცადოს ვიღაცამ შეჭრა ან რაიხსტაგში, რა მოჰყვება ამას? ამ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, დღეს პოლიტპატიმრებს უწოდებენ. ყველაფერი დღესავით ნათელია,” – უთხრა ჟურნალისტებს კობახიძემ.

კითხვაზე, რატომ ვერ დარწმუნდა ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი, რომ 20-21 ივნისს დაკავებულები პოლიტპატიმრები არ არიან, კობახიძე პასუხობს: “ყველა დარწმუნებულია, ვინც დარწმუნებული უნდა იყოს.”

გუშინ, 8 დეკემბერს, ევროპარლამენტარებმა “ქართულ ოცნებას” პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტის რუმინელმა დეპუტატმა რამონა სტრუგარიუმ განაცხადა, ხალხი, რომელიც ქუჩაში, მშვიდობიან პროტექსტში მონაწილეობს, ქუჩაშივე უნდა დარჩეს და დემოკრატია დაიცვას:

“გთხოვთ შეინარჩუნოთ მოსამართლეთა არჩევის თავისუფალი სისტემა, რადგან ეს ფუნდამენტური უფლებაა. მოახდინეთ ფოკუსირება კანონის უზენაესობაზე ასევე ხალხი, რომლიც მშვიდობიანად აპროტესტებს ქუჩაში, ქუჩაშივე უნდა დარჩეს და დაიცვას დემოკრატია. გათავისუფლეთ პოლიტპატიმრები. თქვენ ხართ ქვეყანა, რომელიც ევროპულ გზაზე მოძარაობს და ზოგიერთ ვალდებულებას მკაცრად უნდა სცეთ პატივი. შეუძლებელია 2019 წელს გყავდეს პოლიტიკური პატიმრები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავისუფალი საარჩევნო სისტემისთვის იბრძვიან” – თქვა ევროპარლამენტის დეპუტატმა (მთავარი არხის თარგმანი).

ევროპარლამენტარები “ქართულ ოცნებას” პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი