ნეტგაზეთი | გვაქვს სია 87 პირის, რომლებიც პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან – ევროპარლამენტარი გვაქვს სია 87 პირის, რომლებიც პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან – ევროპარლამენტარი – Netgazeti

გვაქვს სია 87 პირის, რომლებიც პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის წევრის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტ ანდრიუს კუბილიუსის აზრით, 20 ივნისის მოვლენებისას დაკავებულები პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან.

“ჩვენ გვაქვს 87 ადამიანის სია, რომლებიც დაკავებული არიან ან სამართლებრივად იდევნებიან ხელისუფლების მიერ მათი აქტივობის გამო დემონსტრაციების დროს. გონივრული იქნებოდა, მთავრობას არ გამოეყენებინა დიდი დოზით პოლიტიკური სამართლებრივი ძალა. არ ვარ დარწმუნებული, რას ნიშნავს პოლიტიკური პატიმარი, თუმცა ისინი სისხლის სამართლის წესით იდევნებიან პოლიტიკური აქტივობის გამო და ეს არ არის კარგი ნიშანი”, – განაცხადა კუბილიუსმა იმ კითხვის პასუხად, იზიარებს თუ არა მისი რიგი კოლეგების განცხადებას, რომ 20 ივნისს დაკავებულები პოლიტიკური პატიმრები არიან და უნდა გათავისუფლდნენ.

ანდრიუს კუბილიუსი იმედოვნებს, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი ხელშესახებ შედეგს გამოიღებს და კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნება.

“ვიმედოვნებ, რომ ინფორმირებული ვიქნებით გუშინდელი შეხვედრის შესახებ უფრო დეტალურად. ჯერ-ჯერობით რაც ვიცით, პოზიტიურად ჟღერს. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მოძებნონ შესაძლებლობები, როგორ გახადონ საარჩევნო სისტემა უფრო პროპორციული და უფრო დაბალანსებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვისაც, როგორც მაგალითი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის. ეს კარგი სიგნალია მთელი ევპროპისთვის”, – განაცხადა კუბილიუსმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.