ახალი ამბები

მშობლის თქმით, კლასის დამრიგებელმა 8 წლის მოსწავლეს თავიდან თმა ამოაგლიჯა

5 დეკემბერი, 2019 • 2029
მშობლის თქმით, კლასის დამრიგებელმა 8 წლის მოსწავლეს თავიდან თმა ამოაგლიჯა

ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელს ბავშვის მშობელი მესამე კლასელი მოსწავლისთვის თმის აგლეჯაში ადანაშაულებს. ნეტგაზეთი მშობლის ვინაობასა და სკოლის სახელწოდებას შეგნებულად არ ასახელებს.

მშობლის განმარტებით, რვა წლის მესამე კლასელმა ბავშვმა სკოლიდან სახლში თმის ნაწილი მიიტანა, რომელიც, ბავშვის თქმით, კლასის დამრიგებელმა მაშინ მოაგლიჯა, როდესაც მან თანაკლასელს გადაულაპარაკა:

“ბავშვის თქმით, მას რვეულში ფურცელი გაუთავდა და მეგობარს მიმართა დასახმარებლად, რა დროსაც მასწავლებელმა დაინახა და გადალაპარაკების გამო თმები მოწიწკნა”, – უთხრა არასრულწლოვნის მშობელმა ნეტგაზეთს.

მშობლის თქმით, მასწავლებელმა აღნიშნული ფაქტი არ უარყო, თუმცა თქვა, რომ “ასე მწარედაც არ მოუწიწკნია თმა”. მშობლის განმარტებით, მასწავლებელმა მას აუხსნა, რომ მის შვილს დავალება არასწორად ჰქონდა შესრულებული, საკლასო დავალების დაწერა კი არ უნდოდა.

“ამ მასწავლებელს ადრეც გამოუხატავს აგრესია, თუმცა მსგავსი ფაქტის შესახებ არ გამიგია. ბავშვი საკმაოდ დასტრესიალია და სკოლაში წასვლაც არ უნდა.” – ამბობს მოზარდის მშობელი. ის აღნიშნული შემთხვევის გამო მასწავლებლისთვის მუშაობის უფლების შეწყვეტას ითხოვს. მისი თქმით, ამის თაობაზე განათლების სამინისტროს, შინაგან სამქეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველს მიმართა ოფიციალური წერილით.

სკოლის წარმომადგენლები ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით განმარტებას არ აკეთებენ.

მთავარ ფოტოზე ასახულია თმა, რომელიც, მშობლის თქმით, მის შვილს მასწავლებელმა თავიდან ამოაგლიჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი