ახალი ამბები

ექიმების თქმით, 520-ე დადგენილებაზე სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

4 დეკემბერი, 2019 • 1620
ექიმების თქმით, 520-ე დადგენილებაზე სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

კლინიკების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ აცხადებენ, რომ შეხვედრაზე გიორგი გახარიასგან დაპირება მიიღეს, რომ 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

ექიმების თქმით, დადგენილების გადავადების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კლინიკები სამუშაო ჯგუფის ფორმატში დაადასტურებენ, რომ რიგი სამედიცინო მანიპულაციები განსაზღვრულ ტარიფზე ძვირი ჯდება, შესაძლოა ტარიფები გადაიხედოს:

“შეთანხმება მიღწეულია იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება მუშო ჯგუფი სამინისტროსთან ერთად. იქ სადაც არის პრობლემატური საკითხები, იქნება განხილული და გადაწყვეტილება მიღებული. კონკრეტული მანიპულაციები სადაც იქნება მტკიცებულება, რომ ასეთი ტარიფებით შეუძლებელია ფუნციონირება” – ამბობს კლინიკა “ღია გულის” აღმასრულებელი დირექტორი დავით მიქელთაძე “რუსთავი 2-თან”.

ექიმები პრემიერისგან პასუხს პაციენტის მიერ ოპერაციების თანადაფინანსების შესაძლებლობაზეც ელოდებიან.

მთავრობის მიერ 5 ნოემბერს მიღებულ დადგენილებით სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ. დადგენილებითვე განისაზღვრა ტარიფები ისეთ სამედიცინო სერვისებზე, როგორებიცაა: კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და არითმოლოგია.

ექიმების ნაწილი ცვლილებას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ერთიანი ტარიფი მათთვის მისაღებია, თუმცა პრობლემურია ის ფასები, რაც სამინისტრომ შესთავაზა. მათი მტკიცებით, დადგენილებით განსაზღვრული ერთიანი ტარიფი სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე დაბალია. კლინიკები ვერც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოვლენ, რადგან მათი თქმით, კერძო სადაზღვავო კომპანიების წილი 3-5%-ზე მაღალი არ არის.

კლინიკების მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტრო ტარიფების შეჩერებას არ აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი