ახალი ამბები

ოპოზიციამ გერმანული საარჩევნო მოდელის ადაპტირებული ვერსია პარლამენტში დაარეგისტრირა

4 დეკემბერი, 2019 • 2593
ოპოზიციამ გერმანული საარჩევნო მოდელის ადაპტირებული ვერსია პარლამენტში დაარეგისტრირა

ოპოზიციამ გერმანული საარჩევნო მოდელის ადაპტირებული ვერსია პარლამენტში ახალი კანონპროექტის სახით დღეს, 4 დეკემბერს დაარეგისტრირა.

30-მდე ოპოზიციური პარტიის მიერ შექმნილი კანონპროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შერეული წესით ჩატარებას გულისხმობს. “ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგი კაპანაძემ ტელეკომპანია “მთავართან” საუბრისას აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონპროექტი სრულიად შეესაბამება კონსტიტუციას და ამას საქართველოში მოქმედი ექსპერტებიც ადასტურებენ. მისი განმარტებით, უმრავლესობა “იკავებს ძალიან უცნაურ, ჯიუტ პოზიციას” კანონპროექტის ადეკვატურობასთან დაკავშირებით:

“ჩვენ ასევე არ გვაქვს პრობლემა, რომ დავეკითხოთ წონიან საერთაშორისო ორგანიზაციას, ამ შემთხვევაში ეუთო/ოდირს, და მზად ვართ გავითვალისწინოთ მათი დასკვენები და რეკომენდაციები”, – განმარტა სერგი კაპანაძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მხოლოდ უმრავლესობას აქვს ბერკეტი, აღნიშნული დოკუმენტი გააგზავნოს ვენეციის კომისიასთან განსახილველად, თუმცა “ქართული ოცნება” გამიზნულად არ გზავნის დოკუმენტს.

“მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველი ამ კანონპროექტს ოდირში გააგზავნის და იქნება დადებითი დასკვნა მიღებული, იძულებული იქნებიან, რომ ანგარიში გაუწიონ”, – განაცხადა გოცირიძემ.

გერმანული საარჩევნო მოდელის ადაპტირებული ვერსია კანონპროექტად დასარეგისტრირებლად პარლამენტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, რომან გოცირიძემ და “ევროპული საქართელოს” წევრმა სერგი კაპანაძემ მიიტანეს.

რას გულისხმობს ოპოზიციის ადაპტირებული “გერმანული მოდელი”

მასალების გადაბეჭდვის წესი