ახალი ამბები

რას გულისხმობს ოპოზიციის ადაპტირებული “გერმანული მოდელი”

29 ნოემბერი, 2019 • 3117
რას გულისხმობს ოპოზიციის ადაპტირებული “გერმანული მოდელი”

ოპოზიციურმა პარტიებმა ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის ადაპტირებული ვარიანტი წარადგინეს, რომელსაც ხელისუფლებას სთავაზობენ.

ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტში კვლავ 73 მაჟორიტარი და 77 სიით არჩეული დეპუტატი შევა, თუმცა იცვლება მანდატების განაწილების წესი, ასევე მსხვილდება მაჟორიტარული ოლქები. ოპოზიციის წარმომადგენლები, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამტკიცებენ, რომ ეს მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება და აპირებენ, პროექტი ექსპერტიზისთვის საერთასორისო ორგანიზაციებს გაუგზავნონ.

ამ მოდელის თანახმად:

  • ისევე როგორც ახლა, პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან.
  • პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც.

ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ყოველ ამომრჩეველს უფლება აქვს ერთი ბიულეტენით თავისი პირველი ხმა მისცეს ამ ოლქში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევად წარდგენილ ერთ კანდიდატს, ხოლო მეორე ბიულეტენით ხმა მისცეს იმავე ოლქში წარდგენილ ერთ პარტიულ სიას, ისევე როგორც ეს ამჟამად არსებული შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ხდება, თუმცა, ამჟამინდელისაგან განსხვავებით, შეიცვლება მანდატების განაწილების პრინციპი.

დღეისათვის მანდატები ე.წ. პარალელური არჩევნების მოდელით ნაწილდება. 73 დეპუტატი მაჟორიტარული წესით ირჩევა, ხოლო 77 – პროპორციულით, ანუ პარტიების/ბლოკების მიერ წარდგენილი სიები 77 მანდატიდან პროპორციულად, მიღებული პროცენტების შესაბამისად ინაწილებენ საპარლამენტო ადგილებს, და ეს ორი სისტემა ერთამენეთზე გავლენას არ ახდენს. პარტიას პროპორციული სისტემით მოპოვებულ მანდატებზე ემატება პარალელურად მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებული ადგილები და ასე გამოიანგარიშება მისი საბოლოო წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში. ოპოზიციის მოდელით ეს მიდგომა იცვლება.

პარტიისთვის/საარჩევნო ბლოკისთვის მანდატების მიკუთვნების პრინციპი

1.ოპოზიციის კანონპროექტის თანახმად, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ ორივე საარჩევნო სისტემით (მაჟორიტარული და სია) მიღებული მანდატების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს რიცხვს, რომელიც ტოლია 150-ის იმდენი პროცენტისა, ხმების რამდენი პროცენტიც მიიღო პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულმა სიამ. თუ მაჟორიტარული სისტემით რამდენიმე მანდატი მოიპოვეს „დამოუკიდებელმა“ კანდიდატებმა ან/და ისეთი პარტიების კანდიდატებმა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღვარი, ამ რაოდენობით შემცირდება გასანაწილებელი 150 მანდატის რაოდენობა. ანუ თუ 3 მანდატს დამოუკიდებელი მაჟორიტარები მოიპოვებენ, იმ პარტიებს შორის, რომლებმაც 3%-იანი ზღვარი გადალახეს, 147 მანდატი განაწილდება.

2. პარტია/საარჩევნო ბლოკი მიიღებს მაჟორიტარული სისტემით მოპოვებულ ყველა მანდატს და პარტიული სიიდან იმდენ მანდატს, რომ მანდატების ჯამური რაოდენობა გაუტოლდეს პირველ პუნქტში აღნიშნულ მაქსიმალურ რიცხვს.

3. გამონაკლისია ერთადერთი შემთხვევა, თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარმა კანდიდატებმა მოიპოვეს იმდენივე ან უფრო მეტი მანდატი, ვიდრე პირველ პუნქტში აღნიშნული მაქსიმალური რიცხვია – ასეთ შემთხვევაში პარტიული სიიდან მას მანდატები არ დაემატება.

მაჟორიტარული სისტემით პარლამენტის წევრთა არჩევის პრინციპები

1. ოპოზიციის კანონპროექტის მიხედვით, მაჟორიტარული სისტემით არჩევნები იმართება მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში, რომლებშიც მანდატების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 6-ისა და არაუმეტეს 8-ისა. მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები იქმნება არსებული ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების გაერთიანებით, იმ პირობით, რომ ერთი მანდატის წონა 10%-ზე მეტით არ განსხვავდებოდეს საქართველოში ერთი მანდატის საშუალო წონისაგან და მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი სრულად უნდა მოიცავდეს მხოლოდ მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებს, ხოლო ქალაქ თბილისში –მოსაზღვრე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს.

2. მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ:

  • ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიასა და საარჩევნო ბლოკს – ყოველ საარჩევნო ოლქში არაუმეტეს იმდენი კანდიდატისა, რამდენიც აირჩევა შესაბამისი მრავალმანდატიანი ოლქიდან;
  • ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს – ერთ მრავალმანდატიან ოლქში ერთი კანდიდატისა.

3. მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან არჩეულად ჩაითვლებიან შესაბამისი რაოდენობის ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებენ.

პარტიული სიებით მანდატების განაწილების პრინციპი

1. პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობად ითვლება პარტიული სიისთვის მიცემული ამომრჩეველთა მეორე ხმების ჯამი.

2. ამომრჩევლის მეორე ხმა მხედველობაში არ მიიღება, თუ მას პირველი ხმა მიცემული ჰქონდა მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული „დამოუკიდებელი“ (საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი) კანდიდატისთვის;

პარტიების/საარჩევნო ბლოკების კუთვნილი მანდატების რაოდენობა გამოითვლება ფორმულით
Mi = Ni  x (150-K):N რიცხვის მთელი ნაწილი, სადაც Mi არის იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა, რომელმაც გადალახა საარჩევნო ბარიერი, Ni – მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, N – ასეთი პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების ჯამი, ხოლო K – გამარჯვებულ „დამოუკიდებელ“ კანდიდატთა და მაჟორიტარული სისტემით იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი.

ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და მანდატების განაწილების წესი

1. თავდაპირველად დაითვლება ამომრჩეველთა პირველი ხმები, ანუ მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატებისთვის მიცემული ხმები და გამოვლინდება მაჟორიტარული სისტემით არჩეული კანდიდატები.

2. შემდეგ დაითვლება ამომრჩეველთა მეორე ხმები, ანუ პარტიული სიებისთვის მიცემული ხმები იმის გათვალისწინებით, რომ მხედველობაში არ მიიღება იმ ამომრჩეველთა მეორე ხმები, რომელთა პირველი ხმების საფუძველზე არჩეულად გამოცხადდნენ ე.წ. „დამოუკიდებელი“ (საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი) კანდიდატები. ამის შემდეგ განისაზღვრება პარტიები/საარჩევნო ბლოკები, რომელთაც გადალახეს საარჩევნო ზღურბლი და იმ პარტიათა წარდგენით არჩეულ მაჟორიტარ კანდიდატთა რაოდენობა, რომელთაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი. 

3 - შემდეგ გამოითვლება პარტიების/საარჩევნო ბლოკების კუთვნილი მანდატების რაოდენობა ფორმულით:
Mi = Ni  x (150-K):N რიცხვის მთელი ნაწილი, სადაც Mi არის იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღურბლი, Ni – მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, N – ასეთი პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების ჯამი, ხოლო K – გამარჯვებულ „დამოუკიდებელ“ კანდიდატთა და მაჟორიტარული სისტემით იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი.

4. შემდეგ განისაზღვრება პარტია/საარჩევნო ბლოკი, რომელმაც მაჟორიტარული წესით იმდენივე ან მეტი მანდატი მიიღო, ვიდრე მე-3 პუნქტის მიხედვით ეკუთვნოდა.

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის 73 მაჟორიტარის გამოსავლენად, 73 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, იქმნება 10 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი:

თბილისი: 

N1 (მთაწმინდა; ვაკე; საბურთალო; კრწანისი) – 7 მანდატი

N2 ( ისანი; სამგორი; ჩუღურეთი) – 7 მანდატი

N3 (დიდუბე; ნაძალადევი; გლდანი) – 8 მანდატი

რეგიონები:

N4 (კახეთი და მცხეთა-მთიანეთი) – 8 მანდატი

N5 (შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი) – 8 მანდატი

N6 (ქვემო ქართლი) – 8 მანდატი

N7 (ქუთაისი, ვანი, ხონი, სამტრედია, წყალტუბო) – 6 მანდატი

N8 (თერჯოლა, ტყიბული, ზესტაფონი, ბაღდათი, ხარაგაული, ჭიათურა, საჩხერე, ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია) – 6 მანდატი

N9 (სამეგრელო) – 7 მანდატი

N10 (აჭარა, გურია) – 8 მანდატი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი