დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა აშშ-ის კონგრესში პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ მოხსენება გამოაქვეყნეს და ტრამპი დაადანაშაულეს „აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესისა და ხელშეუეხებლობის ძირის გამოთხრაში“.
როგორც CBS News წერს, დემოკრატების მოხსენება დაფუძნებულია ბოლო ორი თვის განმავლობაში შემდგარი 17 მოწმის დაახლოებით 130-საათიან ჩვენებებზე. მოხსენება შეიცავს 300 გვერდს და დაწერილია წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო, საგარეო საქმეთა და საზედამხედველო კომიტეტების წევრების ადმინისტრაციის მიერ.
მოხსენებაში წარმოდგენილია ტრამპის მიერ კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის რამდენიმე ფაქტი:
- პრეზიდენტმა „სთხოვა უცხოურ ქვეყანას, უკრაინას, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა“ და სცადა „აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესისა და ხელშეუეხებლობის ძირის გამოთხრა“;
- პრეზიდენტს სურდა, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის „ზეწოლა მოეხდინა უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რათა უკანასკნელს საჯაროდ გამოეცხადებინა [ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ] გამოძიებაზე“;
- „პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა ბრძანება, შეეჩერებინათ 391 მილიონი დოლარის აუცილებელი სამხედრო დახმარება“ უკრაინისთვის „ლეგიტიმური საგარეო პოლიტიკური, ეროვნული უსაფრთხოების თუ ანტიკორუფციული გამართლების გარეშე“;
- „თავისი მოქმედებების გამოვლინების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა საჯაროდ და არაერთხელ სთხოვა უცხოურ ქვეყნებს, მათ შორის ჩინეთსა და უკრაინას, მისი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყოთ“;
- „პრეზიდენტმა ტრამპმა დაგეგმა და ბრძანება გასცა, დაეწყოთ კამპანია, რომლის ფარგლებშიც მისი მოქმედებები დამალული უნდა ყოფილიყო საზოგადოებისთვის, ხოლო წარმომადგენელთა პალატის იმპიჩმენტის პროცესისთვის ხელი უნდა შეეშალათ“.